ევროკავშირის სანქციების გამო ნავთობიდან რუსეთის შემოსავლები 30%-ით შემცირდა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
კალასის თქმით, რუსული ეკონომიკა „არ განიცდის საუკეთესო პერიოდს“, ხოლო მოსკოვი კარგავს თავისი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის დაფინანსების საშუალებებს იმ სანქციების გამო, რომლებიც ევროკავშირმა მათ წინააღმდეგ დააწესა.
ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე.
„რუსეთმა ევროკავშირის სანქციების გამო მილიარდობით დოლარი დაკარგა. ეს თანხები აღარ არის ხელმისაწვდომი რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსებისთვის“, – განაცხადა კალასმა.
კაია კალასის თქმით, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება, თუ აშშ ევროკავშირთან ერთად იმოქმედებს.
„აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, რუსეთს სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩართვა აიძულოს. აშშ და ევროკავშირი ერთდროულად თუ დააწესებენ ახალ სანქციებს, ეს მნიშვნელოვნად გაძლიერებს ზეწოლას პუტინზე. გარდა ამისა, სანქციების გვერდის ავლა გართულდება. მოსკოვისთვის რთული იქნება უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსება“, – აღნიშნა კალასმა.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის განცხადებებს უკრაინის ფრონტზე მკვლელობების შეჩერების სურვილის შესახებ.
„სანქციები ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზაა, ხოლო მოსკოვზე ერთობლივი ზეწოლა კრემლს ძლიერი პოლიტიკური ერთობის სიგნალს გაუგზავნიდა“, – აღნიშნა კალასმა.
ამასთან, კაია კალასის თქმით, მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას თუ მიაღწევენ, უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაეყრდნოს დასავლურ ქვეყნებს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში. მისი განმარტებით, მინსკის შეთანხმებების გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შესრულების უბრალო კონტროლი საკმარისი არ არის“. თუმცა კალასმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილებას ევროკავშირის თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად იღებს.
„ყველა შემთხვევაში უკრაინისთვის პირველი თავდაცვის ხაზი თავისივე ჯარები უნდა იყოს და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია მათი გაძლიერება. ამიტომ კიევის მოკავშირე ქვეყნებში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების მომზადების პროგრამები გაფართოვდება“, – განაცხადა კალასმა.