ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთმინება რუსეთის მიმართ ამოიწურება.

როგორც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ამის შესახებ სტუბმა ელჩების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ მივაღწიოთ მდგრად მშვიდობას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს თავისი თვითმყოფადობა და ტერიტორიული მთლიანობა, რამდენადაც შესაძლებელია“, – აღნიშნა ფინეთის ლიდერმა.

სტუბის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იძულება, სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს, მხოლოდ იმ ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების დაწესებითაა შესაძლებელი, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობენ ან ეხმარებიან რუსეთის სამხედრო მრეწველობას. მისი თქმით, ისინი, ვისაც შეუძლიათ, პუტინი აიძულონ, დაამყაროს მშვიდობა, უფრო აღმოსავლეთში არიან, ვიდრე დასავლეთში.

სტუბის განმარტებით, უკრაინაში ომის დარეგულირება ფინეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც მან აღნიშნა, მოკავშირეებთან ერთად საჭიროა ყველა ძალისხმევის მიმართვა იმისკენ, რომ უკრაინას ჰქონდეს მაქსიმალურად ძლიერი პოზიციები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მისი აზრით, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი კი უსაფრთხოების გარანტიებია.

„ომში არ არსებობს იდეალური შედეგები“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

1tv.ge