ირანს არ უნდა მიეცეს უფლება, შეიმუშაოს ბირთვული იარაღი, რადგან ეს იქნება საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
კალასი მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. მისი ცნობით, შექმნილ სიტუაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს განიხილავენ.
„ირანს არ უნდა მიეცეს უფლება, შეიმუშაოს ბირთვული იარაღი, რადგან ეს იქნება საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გადადგან ნაბიჯი უკან, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შექმნილ სიტუაციას ხვალ განიხილავენ“, – დაწერა კაია კალასმა.
ირანმა არასდროს უნდა შეიძინოს ბომბი, მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ირანმა არასდროს უნდა შეიძინოს ბომბი. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ახალი პიკის გათვალისწინებით, სტაბილურობა უნდა იყოს პრიორიტეტი. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა კრიტიკულია. ახლა დროა, ირანი სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში ჩაერთოს. მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.