მსოფლიოში წარმოქმნილი სხვადასხვა პრობლემა საგანგაშო და შემაშფოთებელია, კაცობრიობა კვლავ გზაჯვარედინზე აღმოჩნდა, – ამის შესახებ ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როგორც გლობალური ოჯახის წევრებმა, ჩვენ უნდა დავიცვათ სამართლიანობა საკუთარი ინტერესების დაცვის პარალელურად. ეს განსაკუთრებით ეხება მსხვილ ქვეყნებს. როდესაც ყველა დიდ თუ პატარა ქვეყანას თანასწორად მოეპყრობიან და იქნება მიღწეული ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ყველა მხარის უფლებებისა და ინტერესების დაცვა. ამჟამად, მსოფლიო შევიდა ტურბულენტობისა და ტრანსფორმაციის ახალ პერიოდში. უნილატერალიზმი და „ცივი ომის“ მენტალიტეტი ხელახლა იჩენს თავს. ბოლო 80 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესები და წესრიგი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და ოდესღაც ეფექტიანი საერთაშორისო სისტემა მუდმივად ირღვევა. წარმოქმნილი სხვადასხვა პრობლემა საგანგაშო და შემაშფოთებელია. კაცობრიობა კვლავ გზაჯვარედინზე აღმოჩნდა. რატომ არ შეგვიძლია ადამიანებს უფრო მეტი სინდისისა და რაციონალურობის განცდა განვავითაროთ, ერთმანეთს სიკეთით მოვეპყროთ და მშვიდობიანად ვიცხოვროთ?“, – განაცხადა ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა.
ლი ციანის განცხადებით, ჩინეთი მზად არის, მიმართოს კოორდინირებულ და ეფექტიან ქმედებებს ყველა მხარესთან ერთად, რათა გამოვიდეს კონკრეტული გამოსავლის შეთავაზებებით და ხელი შეუწყოს მშვიდობას, განვითარებას.
„მსოფლიოში არსებული არასტაბილურობისა და არეულობის ფონზე, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ მშვიდობისა და საერთო უსაფრთხოებისთვის, ყველა ქვეყანა ეკუთვნის ერთ გლობალურ სოფელს და ერთმანეთზეა დამოკიდებული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა დავიცვათ საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი უსაფრთხოების ხედვა, პატივი ვცეთ უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ უთანხმოებები და დავები მშვიდობიანად, დიალოგისა და კონსულტაციების გზით“, – განაცხადა ლი ციანმა.
მისი თქმით, ჩინეთი აქტიურად არის ჩართული ცხელ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის კრიზისის და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაში.
„ჩინეთი გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას მწვავე პრობლემების პოლიტიკური დარეგულირების ხელშეწყობაში“, -აღნიშნა ჩინეთის პრემიერმა.
მან გლობალურ ვაჭრობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამინდელი გლობალური ეკონომიკური ვარდნის მიზეზია ცალმხრივი და პროტექციონისტური ზომები, როგორიცაა ტარიფები, გადასახადების დაწესება და კედლებისა და ბარიერების აღმართვა.