აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უცხოური დახმარებისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი ოთხი მილიარდი დოლარის გაყინვის ნება დართო.

სასამართლოს სამი ლიბერალი მოსამართლე – ელენა კაგანი, სონია სოტომაიორი და კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

„დღე ხმების უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, აჩერებს ფედერალური სასამართლოს  განკარგულებას [უცხოური დახმარების გაწევის შესახებ]. შედეგად, ეს სახსრები არ მიეწოდება მიმღებებს,“ – აღნიშნულია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების დოკუმენტში.

ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც 5 სექტემბერს ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა, დაეკმაყოფილებინა აშშ—ის ხელისუფლების მოთხოვნა და ქვმდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გააუქმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას 30 სექტემბრამდე, ანუ მიმდინარე ფინანსური წლის ბოლომდე, უნდა დაეხარჯა მინიმუმ 4 მილიარდი დოლარი, რომლის გამოყოფასაც აშშ-ის კონგრესი ადრე უკვე დათანხმდა უცხოური დახმარების სახით.

1tv.ge