გაერო-ს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსეთისა და ჩინეთის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც ირანის „ბირთვული შეთანხმების” გაგრძელებას ეხებოდა.
რუსეთისა და ჩინეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ითვალისწინებდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციის მოქმედების ექვსი თვით გაგრძელებას.
დოკუმენტს მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა, პაკისტანმა და ალჟირმა. წინააღმდეგ წავიდა ცხრა ქვეყანა, მათ შორის, საფრანგეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი.
ამგვარად გაერო-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან ხელახლა ამოქმედდება, თუ გაერო-ში სხვა გამოსავალი არ მოიძებნება.
ცნობისთვის, ეს სანქციები მოიცავს ირანისთვის იარაღის ემბარგოს დაწესებას, ურანის გამდიდრების აკრძალვას, ირანელი მაღალჩინოსნების ფინანსური აქტივების გაყინვას და მათი მოგზაურობის შეზღუდვას, ირანული ტვირთების ინსპექციის განახლებას და ა.შ.
შეგახსენებთ, 28 აგვისტოს დიდი ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა გაააქტიურეს ირანის წინააღმდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების აღდგენის მექანიზმი.
დასავლეთის ქვეყნებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
ირანი კი ამტკიცებს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს და მისი პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა.