ირლანდიის ფარმაცევტული ჯანდაცვის ასოციაციის (IPHA) ინფორმაციით, ქვეყანას კიბოს მკურნალობის ახალ მედიკამენტებზე ყველაზე დაბალი ხელმისაწვდომობა აქვს დასავლეთ ევროპაში.

ასოციაციის განცხადებით, 2020 წლიდან ლიცენზირებული კიბოს 56 ახალი სამკურნალო საშუალებიდან ირლანდიაში მხოლოდ 14, ანუ, ერთი მეოთხედია ხელმისაწვდომი.

ევროპის ფარმაცევტული ორგანიზაციის (EFPIA) ბოლო კვლევებზე დაყრნობით, IPHA იუწყება, რომ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ახალი მედიკამენტების მისაღებად ირლანდიელებს უფრო დიდხანს უწევთ ლოდინი, ვიდრე დასავლეთ ევროპის უმეტესი ქვეყანის მოსახლეობას.

ევროპის 36 ქვეყანაში, რომელთაგან 27 ევროკავშირის წევრია, 2020-2023 წლებში ჩატარებული კვლევის დროს, გაანალიზდა 173 ინოვაციური მედიკამენტი, რომლებიც მედიკამენტების ევროპული სააგენტოს (EMA) მიერ გამოსაყენებლად ნებადართულია.

თითქმის ორწლიანი ლოდინი წვდომისთვის

ახლად ლიცენზირებულ მედიკამენტებზე წვდომისთვის, ირლანდიელ პაციენტებს 644 დღის განმავლობაში ანუ, თითქმის ორი წელი უწევთ ლოდინი.

IPHA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ო'კონორის თქმით, ეს 55 დღით მეტია, გასულ წელთან შედარებით და 586 დღით მეტი - ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს სახელმწიფოსთან ახალი ჩარჩო შეთანხმების გაფორმება შეიძლება გახდეს იმის გარანტია, რომ მისი საშუალებით მოხდება ანაზღაურების სისტემის რეფორმირება და უზრუნველყოფილი იქნება ახალ მედიკამენტებზე უფრო სწრაფი და სამართლიანი ხელმისაწვდომობა.

დღეს მოქმედი შეთანხმების ვადა სექტემბერში იწურება.

ონკოლოგიური დაავადებებებთან ბრძოლის გაერთიანებული ქსელი (UCAN) აღნიშნავს, რომ ირლანდიაში არ არსებობს ადრეული წვდომის სქემა, რის გამოც პაციენტებს იმ დრომდე უწევთ ლოდინი, ვიდრე მედიკამენტების შეფასებებისა და ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესი ბოლომდე არ მივა.

UCAN -ის ცნობით, წვდომის ნაკლებობის გამო, უკვე ბევრი პაციენტი დაზარალდა და ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა, არც კი იცოდა, რომ სიცოცხლის გადამრჩენი და სიცოცხლის გამახანგრძლივებელი მედიკამენტების მიღების შანსები დაკარგეს.

ონკოლოგიური დაავადებებებთან ბრძოლის გაერთიანებული ქსელი ითხოვს ადრეული წვდომის სქემების გამოძიებას, წამლების ანაზღაურების პროცესის გადახედვას და ევროპულ დონეზე საკითხის უფრო მეტად კოორდინირებას.

UCAN-ის განცხადებით, ირლანდიაში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვადა მას შემდეგ, რაც ინოვაციურ მედიკამენტებზე წვდომისთვის განკუთვნილი დროის შესახებ ბოლო მონაცემები გამოქვეყნდა.

დასავლურევროპული ქვეყნები, რომლებიც ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უფრო მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან, არიან: გერმანია, შვეიცარია, იტალია, ავსტრია, ესპანეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, ინგლისი, დანია, ფინეთი, ბელგია, შოტლანდია, შვედეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები და ისლანდია.

წყარო: 1 არხი