მას შემდეგ, რაც ბინადრობის ნებართვის მოპოვების საბაბად სასწავლო პროგრამებისგამოიყენების არაერთი ფაქტი გამოვლინდა, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა უნივერსიტეტებს უცხოელ სტუდენტებზე ზედამხედველობის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

ლიეტუვაში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა ამჟამად 9000-ს აღემატება. კამპუსებში მათი ყოფნა სულ უფრო თვალშისაცემია: კლაიპედას უნივერსიტეტში ისინი სტუდენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 12%-ს შეადგენენ. მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა სტუდენტების რიცხვი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ინდოეთი, პაკისტანი და ბანგლადეში.

„მე შევისწავლე რუკა, რომელზეც ის ქვეყნები იყო მონიშნული, ბაკალავრიატის პროგრამების ინგლისურ ენაზე სწავლებას რომ გვთავაზობდნენ. სწორედ იქ „აღმოვაჩინე“ ლიეტუვა“, - ამბობს ინდოეთიდან ჩამოსული პრათმეშ შაჰი.

სტუდენტები (ასოციაციური ფოტო)დ. უმბრასასი /ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)

უცხოელი სტუდენტების უმეტესობა აკადემიური მიზნებით არის მოტივირებული. „მსურს გამოცდილება და პრაქტიკა მივიღო და ჩემს მიზნებს მივაღწიო. სხვები აქ განსხვავებული განზრახვებით ჩამოდიან, მაშინვე მუშაობას იწყებენ და ლექციებს აცდენენ“, - დასძინა პრათმეშმა.

ბოლოდროინდელმა ინსპექტირებამ გამოავლინა, რომ ზოგიერთმა დაწესებულებამ მიიღო სტუდენტები, რომლებმაც ინგლისური არ იცოდნენ, ან მათ სწავლის გაგრძელების უფლება ყოველგვარი კრედიტების მოპოვების გარეშე მისცეს, ამასთან, ასეთი კატეგორიის უცხოელ სტუდენტებს ბინადრობის ნებართვის განახლებაშიც დაეხმარნენ.

„ზოგიერთი უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლის გაგრძელების უფლებას აძლევს მაშინაც კი, თუ მათ ერთი კრედიტიც კი არ დაუგროვებიათ და წესით, უნდა გარიცხულიყვნენ. ისინი მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ სწავლის საფასური გადაიხადეს. გარდა ამისა, ასეთ სტუდენტებს ბინადრობის ნებართვის მიღებაშიც დაეხმარნენ“, - აცხადებს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ეველინა გუძინსკაიტე.

ეველინა გუძინსკაიტედ. უმბრასასი /ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)

მისივე თქმით, დარღვევები თითქმის ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლინდა. ის იმედოვნებს, რომ საჯარო კრიტიკა უნივერსიტეტებს აიძულებს, ვიდრე სანქციების წინაშე დადგებიან, კონტროლი გაამკაცრონ. მხოლოდ მიმდინარე წელს, ხელისუფლებამ 780 ბინადრობის ნებართვა გაუუქმა იმ სტუდენტებს, ვინც სწავლა მიატოვა.

თავის მხრივ, უნივერსიტეტები ირწმუნებიან, რომ მათ უკვე შემოიღეს დამცავი ზომები და ასეთ ზომებად მისაღები გამოცდები, გასაუბრებები და დასწრების მონიტორინგი დაასახელეს.

კლაიპედას უნივერსიტეტის რექტორმა, არტურას რაზბადაუსკასმა განაცხადა, რომ სტუდენტებს, რომლებიც ლექციებს აცდენენ, გაფრთხილებას აძლევენ, ხოლო თუ პრობლემები გაგრძელდება, მათ საქმეს მიგრაციის სამსახურს გადასცემენ.

„ჩვენ განმცხადებლების მხოლოდ მესამედს ვიღებთ. ვცდილობთ, საუკეთესოები ავარჩიოთ და გამოვავლინოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც უნივერსიტეტს ევროპაში მოხვედრის კარიბჭედ გამოიყენებენ“, - ამბობს ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი, ინგრიდა იანულევიჩიუტე.

სტუდენტები (ასოციაციური ფოტო)ე. ბლაჟისი /ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)

„კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საერთაშორისო აპლიკანტებმა (გარკვეული ქვეყნებიდან), განაცხადის შეტანამდე, მათემატიკის სტანდარტული ტესტი უნდა ჩააბარონ, შემდეგ კი გასაუბრებები გაიარონ“, - განმარტა საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა, გიედრე შადეიკაიტე-გიორშესკიმ.

უნივერსიტეტები ითხოვენ, რომ საკუთარი პროცედურები მიგრაციის ორგანოებმაც გააუმჯობესონ, რათა მოტივირებულ სტუდენტებს დაეხმარონ. ბინადრობის ნებართვების დამუშავებას ამჟამად დაახლოებით ოთხ თვე სჭირდება, რაც ზოგიერთ სტუდენტს საშუალებას არ აძლევს, დროულად დაიწყოს სწავლა.

გამოწვევების მიუხედავად, ბევრი უცხოელი სტუდენტი ამბობს, რომ ლიეტუვაში სწავლითა და ცხოვრებით კმაყოფილია. „აქ ძალიან მომწონს, ყველაფერი შესანიშნავია“, - კმაყოფილებას გამოთქვამს აზერბაიჯანელი ჰუმაი სეიმურლუ.

წყარო: 1 არხი