საგანგებო ბრიფინგის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში "გამარჯვების დღეზე" ჩასულ ლიდერებს გადაუხადა მადლობა. ფოტო 9 მაისის სამხედრო აღლუმიდან. 2025 წ.გაზიარება
11 მაისს, კრემლში რუსი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.
პუტინის თქმით, ის მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.
პუტინმა ბრიფინგი მის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, დაახლოებით ერთსაათიანი დაგვიანებით გამართა,და ჟურნალისტების კითხვებზე აღარ უპასუხია.
„ამ სამი დღის განმავლობაში, რაც ცეცხლის შეწყვეტა იყო გამოცხადებული, რუსეთის ფედერაციაზე ხუთი მიზნობრივი შეტევა განხორციელდა კურსკის ოლქში და ბელგოროდის ოლქის საზღვარზე, სხვა რეგიონებში კი 36 თავდასხმა მოხდა“, — განაცხადა პუტინმა. მან უკრაინა დაადანაშაულა იმაში, რომ ცდილობდა მოსკოვში ჩასული უცხოელი ლიდერები შეეშინებინა.
„ისევ მანიპულაციის მცდელობა", - ზელენსკი პუტინის მორიგ ზავზე
პუტინის განცხადებას მოლაპარაკებების განახლებაზე, წინ უძღოდა გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერების მიერ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გაკეთებული მოწოდება რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მათ გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.
კიევში შეკრებილი ლიდერები ტრამპს ტელეფონით ესაუბრნენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე
10 მაისს კიევში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის უპირობო შეწყვეტის აუცილებლობაზე.
„თუ რუსეთი წამოაყენებს რაიმე პირობებს, ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც მცდელობა გააგრძელოს ომი და დააზიანოს დიპლომატია“, — წერია განცხადების ტექსტში, რომლის მიხედვით მოსკოვის მხრიდან უარის შემთხვევაში, საჭიროა „მეტი სიმკაცრით დაწესდეს სანქციები მის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებზე, ფოკუსით წიაღისეულ საწვავზე, ნავთობზე და ჩრდილოვან ფლოტზე“
11 მაისს გამართულ ბრიფინგზე პუტინმა განაცხადა, რომ აპირებს თურქეთის პრეზიდენტთან სტამბოლის მოლაპარაკებების განახლების შესახებ საუბარს.
2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში განაგრძეს. თურქეთის შუამავლობით, მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარეკებების დასაწყებად, რომელიც არ განხორციელებულა. სამშვიდობო მოლაპარაკებათა მაგიდაზე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით შემდეგი მოთხოვნები იდო - ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უკრაინის ნეიტრალიტეტი იყო.
(წყარო: "რადიო თავისუფლება")
თურქეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის დაცვის მონიტორინგის პროცესში. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომელიც დისტანციურად ესწრებოდა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას.
ონლაინ შეხვედრისას ჰაკან ფიდანმა ხაზი გაუსვა თურქეთის ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან, ფიდანმა გამოხატა ანკარას მხარდაჭერა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიმართ.
როგორც თურქული მედია წერს, ფიდანმა გამოთქვა თურქეთის მზადყოფნა შეასრულოს თავისი მოვალეობები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგში.
ცნობისთვის, „მსურველთა კოალიცია“ მოუწოდებს რუსეთს, 12 მაისიდან დათანხმდეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 30 დღის ვადით.