არიან ქვეყნები, სადაც ბიზნესის დაწყება შედარებით მარტივია. Euronews-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც სწორედ ამ თემას ეძღვნება, ნათქვამია, რომ აშშ-ჩინეთს შორის წარმოქმნილმა სავაჭრო დაძაბულობამ ბიზნესისა და ეკონომიკის არასტაბილურობის ზრდა გამოიწვია.
თუმცა, არიან ქვეყნები, სადაც ახალი ბიზნესის წამოწყება შედარებით მარტივია.
ესტონეთი
უცხოელი ინვესტორებისთვის ესტონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა. მისი ელექტრონული რეზიდენტურის პროგრამა არარეზიდენტებს საშუალებას აძლევს, ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ თავიანთი კომპანიები და ამავდროულად, ციფრულად დააკმაყოფილონ თავიანთი ბიზნეს საჭიროებები.
ის ასევე საშუალებას აძლევს მათ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ისარგებლონ ესტონეთის მთავრობის გარკვეული სერვისებით.
Invest in Estonia- ს ინფორმაციით, კომპანიის დაფუძნებას 15 წუთი სჭირდება, ბიზნესების 98% კი ონლაინ რეჟიმში იქმნება.
ირლანდია
ირლანდია ევროპაში ბიზნესის დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილებაა.
Enterprise Ireland ყოველწლიურად დაახლოებით 200 სტარტაპში ინვესტირებას ახორციელებს. მაგალითად, უოტერფორდი ყველაზე ეფექტურია მშენებლობის ნებართვების გაცემის საკითხში, ხოლო ჰოლვეი საუკეთესოა ქონების რეგისტრაციისა და ბიზნესის დაწყების საკითხში.
ირლანდია, როგორც ევროკავშირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ევროზონის წევრი, ასევე ევროს მომხმარებელი, ევროპელი მეწარმეებისთვის ძალიან მიმზიდველ ფაქტორებს ქმნის. მას ასევე აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორპორაციული საგადასახადო განაკვეთი 12.5%-ის ოდენობით და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება დაახლოებით 72 ქვეყანასთან.
ბულგარეთი
დაბალი ბიუროკრატიის გამო, ბულგარეთი აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან პოპულარული ახალი ბიზნეს ცენტრია. პროცესებს აქ მხოლოდ რამდენიმე კვირა სჭირდება. ადმინისტრაციული ხარჯებიც ძალიან დაბალია ევროპის უმეტეს ნაწილთან შედარებით, ხოლო კორპორაციული გადასახადი მხოლოდ 10%-ია.
ქვეყანაში დაშვებულია კომპანიის დისტანციური რეგისტრაციაც.
ნიდერლანდები
ნიდერლანდები ევროკავშირის მეხუთე უდიდესი ეკონომიკაა, რომლის მშპ დაახლოებით 990.6 მლრდ დოლარია, რაც ევროკავშირის ეკონომიკის დაახლოებით 5.96%-ს შეადგენს. ამასთან, მას საკმაოდ მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა ჰყავს. ადგილობრივი მთავრობა ახალი ბიზნესებისთვის მხარდაჭერის მრავალფეროვან სქემებსა და საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციული გადასახადის განაკვეთი ზოგიერთ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ოდნავ მაღალია, ბიზნესის მრავალი მფლობელისთვის ეს ფასი ღირებულია მდებარეობისა და ბაზარზე წვდომის გამო.
დანია
ბიზნესის დაწყება საკმაოდ მარტივია დანიაშიც. მსოფლიო ბანკის მიერ ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, ქვეყანა მუდმივად მაღალ შეფასებას იღებს და ხშირად მსოფლიოში პირველ ხუთეულშიც ხვდება.
საკმაოდ მარტივია აქ კომპანიის რეგისტრაცია - დამფუძნებლებს პროცესის დასრულება ონლაინაც კი შეუძლიათ. პროცესი იმდენად სწრაფია, რომ ზოგჯერ შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდეს.
ცნობისათვის, დანიას აქვს სტაბილური ეკონომიკა, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა და ძლიერი ინფრეასტრუქტურა.
დანიას აქვს მიმზიდველი კორპორატიული საგადასახადო განაკვეთიც, რომელიც ორგანიზაციების უმეტესობისთვის 22%-ს შეადგენს.
გაერთიანებული სამეფო
დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 360 000 ახალი ბიზნესი იქმნება. კომპანიის შექმნა აქ სწრაფი, მარტივი და საკმაოდ იაფი პროცედურაა. მაგალითად, ფოსტით განცხადების დამუშავებას 8-10 დღე სჭირდება, ხოლო ონლაინ - 24 საათი.
დიდ ბრიტანეთს აქვს ძლიერი საგადასახადო და სამართლებრივი სისტემა, ეფექტური პროცესებით და ყველა შპს-თვის 25%-იანი კორპორაციული გადასახადის განაკვეთით.