The Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთის სამოქალაქო ეკონომიკა ზედიზედ მეხუთე თვეა ეცემა. მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის შეფასებით, თუ სამხედრო წარმოება ზრდას განაგრძობს, დანარჩენი ინდუსტრიის კლება ნორმად იქცევა.

წლის პირველ ნახევარში სამრეწველო წარმოება წლიურად 1.4%-ით, ივნისში კი 2%-ით გაიზარდა, თუმცა ეს „მხოლოდ იმ სექტორების აქტივობით არის განპირობებული, რომლებშიც თავდაცვის წარმოება დომინანტურია”. მათ გარეშე წლის დასაწყისიდან წარმოების შემცირება თვეში, საშუალოდ, 0.3%-ს შეადგენდა. ივნისში სამოქალაქო სექტორებში გამოშვების 99.1% გასული წლის წარმოებას უკავშირდებოდა, ხოლო წლიური თვალსაზრისით თებერვლიდან ის მინუსშია.

მცირდება სამშენებლო მასალის წარმოება. პირველ კვარტალში კლება თვეში, საშუალოდ, 1.2%-ს შეადგენდა, რაც მეორე კვარტალში თვეში 1.9%-მდე, ხოლო მხოლოდ ივნისში 2.1%-მდე გაიზარდა. შედეგად სამშენებლო ინდუსტრიაში წარმოების აქტივობა, კოვიდპანდემიური 2020 წლის ზაფხულის დონემდე დაეცა.

სწრაფად ეცემა წარმოება საავტომობილო ინდუსტრიაშიც. მაისში რუსეთის ავტოწარმოება 11.5%-ით, ხოლო ივნისში 5.3%-ით შემცირდა. განსაკუთრებით სწრაფად მცირდება საინვესტიციო ავტოწარმოება. „როსსტატის“ მონაცემებით, სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების წარმოება ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, ტიპის მიხედვით 23-37%-ით ნაკლები იყო, ხოლო სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება 9-14%-ით დაეცა. 2%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების წარმოება.

„როსსტატის“ მონაცემებით შემცირებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაც. სარეცხი მანქანებისა და ტელევიზორების წარმოება, თითქმის, 30%-ით, ხოლო მაცივრების 12%-ით შემცირდა.

კლებაა ტანსაცმლის წარმოებაშიც. მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში რუსეთში 3%-ით ნაკლები ტანსაცმელი აწარმოვეს. ტყავის ნაწარმის 16%-ით, ხოლო ფეხსაცმლის გამოშვება 29%-ით შემცირდა. ქვეყანაში ავეჯის წარმოება, თითქმის, 5%-ით დაეცა.