რუსეთი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს ნატო-სთვის, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთს არ აქვს პოტენციალი, წარმოადგენდეს მნიშვნელოვან საფრთხეს მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ალიანსისთვის, ამიტომაც ერთადერთი საფრთხე ნატო-ს პოტენციური დაშლაა. რუმინეთისთვის, პოლონეთისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის ეს წარმოადგენს მთავარ საფრთხეს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ნატო-ს ერთიანობაზე და უნდა შევინარჩუნოთ იგი, როგორც თავდაცვითი ალიანსი. არიან ისინი, ვისაც სურთ ორი გეოპოლიტიკური ბლოკის, დაპირისპირებული ბლოკების შექმნაც კი – ევროკავშირისა და აშშ-ის“,- განაცხადა სიმიონმა.
სიმიონი იმედოვნებს, რომ ისარგებლებს საზოგადოების გაბრაზებით არჩევნების შედეგების გაუქმების გამო. მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში შეუძლია კალინ ჯორჯესკუს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა.
როგორც „როიტერი“ წერს, 38 წლის სიმიონი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და კრიტიკულად არის განწყობილი ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ.
შეგახსენებთ, რუმინეთში საოლქო სააპელაციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლომ რუმინეთში დაგეგმილ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მიიღო. ამასთან, რუმინეთის საარჩევნო ბიუროში განაცხადეს, რომ საოლქო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოახდენს გავლენას განმეორებით კენჭისყრაზე და ის ორ ეტაპად, 4 და 16 მაისს გაიმართება.
ცნობისთვის, რუმინეთის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღო. ამის მიზეზად მაშინ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელეს.
შემდეგ კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მათ შორის ფაშისტური ორგანიზაციის წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. თავად ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს.
წყარო: 1 არხი