გამოცემა Carnegie Politika წერს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ ჯარში შიდსის ეპიდემიამ იფეთქა და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა 40-ჯერ გაიზარდა, ამის მთავარი მიზეზი კი საველე ჰოსპიტლებში შპრიცების ნაკლებობაა.
"ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა. შპრიცები როგორც წესი, ძალიან სწრაფად იწურება, განსაკუთრებით ომის დროს." - ამბობს ექიმი ეპიდემიოლოგი მათთან საუბრისას.
"ეპიდემიის ასეთი აფეთქებით გამოწვეული დემოგრაფიული და ეკონომიკური დანაკარგები, რომლებიც რუსეთს ემუქრება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება და საბოლოოდ შესაძლოა უკრაინაში შეჭრის შედეგად მიყენებულ ზარალსაც კი გადააჭარბოს."
თავდაცვის სამინისტროს ექიმებმაც კი პრობლემა ოფიციალურად აღიარეს.
თუ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთის არმიაში აღმოჩენილი ახალი აივ-შემთხვევების რაოდენობა ერთეულობით იყო, შემოდგომისთვის ის 5-ჯერ გაიზარდა, 2022 წლის ბოლოსთვის - 13-ჯერ, 2023 წლის დასაწყისისთვის კი შემთხვევათა რაოდენობა 40-ჯერ იყო გაზრდილი. ამის შემდეგ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა - 2023 წლის ბოლოსთვის სამხედრო პერსონალში აივ ინფექცია დაახლოებით 20-ჯერ უფრო ხშირად გამოვლინდა, ვიდრე ომის დაწყებამდე.
მოგვიანებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა.
საერთო ჯამში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან, რუსეთი აივ-ინფექციის შემთხვევების წილის მიხედვით მსოფლიოში პირველ ხუთეულში შედის, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული 1,5 მილიონი ახალი ინფექციის 3.9%-ს შეადგენს. მასზე მაღალი მაჩვენებელი კი მხოლოდ სამხრეთ აფრიკას (14%), მოზამბიკს (6,5%), ნიგერიას (4,9%) და ინდოეთს (4,2%) აქვთ.