პანამის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბანანის მწარმოებელ რეგიონში საპენსიო რეფორმის გამო მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობის, მაროდიორობისა და ვანდალიზმის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

საგანგებო მდგომარეობა ხუთი დღის ვადით ჩრდილო-დასავლეთ ბოკას დელ ტოროს პროვინციაში გამოცხადდა. შედეგად, რეგიონში იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, პოლიციას კი უფლება აქვს, პირი ორდერის გარეშე დააპატიმროს.

როგორც „ბიბისი“ წერს, არეულობა რეგიონში გასულ თვეს დაიწყო, როდესაც საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტს ბანანის წარმოების სფეროში დასაქმებულთა ადგილობრივი პროფკავშირი შეუერთდა და გაფიცვა გამოაცხადა. ხელისუფლების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა დაეხმარება მათ, პროვინცია რადიკალებისგან გადაარჩინონ.

მედიის ცნობით, ბოკას დელ ტოროს რეგიონში პროტესტსა და არეულობაში ძირითადად კომპანია Chiquita-ს ბანანის პლანტაციებზე დასაქმებულები მონაწილეობენ. ვითარება გასულ თვეს გამწვავდა, როდესაც კომპანიამ ათასობით გაფიცული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. დემონსტრანტებმა გადაკეტეს გზები და პოლიციას დაუპირისპირდნენ. მიმდინარე კვირის დასაწყისში არეულობის მონაწილეები თავს დაესხნენ Chiquita-ს ერთ-ერთ დაწესებულებას და ადგილობრივ აეროპორტს.

არეულობისას დააკავეს 50-ზე მეტი ადამიანი. რეგიონში განთავსებულია პოლიციის 1300-ზე მეტი ოფიცერი.

საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პანამაში დემონსტრაციები მარტში დაიწყო. საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან პროფკავშირები, მასწავლებლები და მკვიდრი მოსახლეობის ჯგუფები. რეფორმა საპენსიო სისტემის ძირეულ ცვლილებას ითვალისწინებს.

წყარო: 1TV.GE