საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატს დღეს ესპანეთთან მატჩით დაიწყებს. ეს იქნება ჩვენი გუნდის 30-ე თამაში ევრობასკეტებზე. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. შეხვედრა თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

რას უნდა ველოდეთ „ჯვაროსნებისგან?“ გაიმეორებს 2022 წელს ნაჩვენებ შედეგს და დაამარცხებს ესპანეთს? რამდენად რეალურია ევროპის მოქმედი ჩემპიონის ძლევა? ესპანეთს NBA-ში მხოლოდ ერთი კალათბურთელი ჰყავს, საქართველოს – ორი, აისახება ეს მატჩის შედეგზე?

ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხს 16 საათიდან მივიღებთ. მატჩამდე მეტად რთულია თუნდაც საქართველოს ნაკრების მომზადების დონის შეფასება და ამით ესპანეთთან მატჩის სურათზე წინასწარ მსჯელობა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება, ითამაშებს თუ არა შენგელია. თუმცა მისი ყოფილი მწვრთნელი („ვირტუს ბოლონიაში“) და ესპანეთის თავკაცი სერჟიო სკარიოლო თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლას ელის.

ითამაშებს შენგელია?

მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისში თორნიკე შენგელიას გულის არითმია დაუფიქსირდა და ორი კვირა დასვენება მოუწია. მას ექიმებმა ვარჯიშის უფლება კი მისცეს, მაგრამ ბოლომდე გაურკვეველია, ითამაშებს თუ არა ესპანეთთან.

„ვიცი, ბევრს აწუხებდა ჩემი ჯანმრთელობის თემა. მინდა, ყველა დავამშვიდო – მადლობა ღმერთს, ყველაფერს ვაკონტროლებთ. მართალია, იდეალურ კონდიციაში ჯერ არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, მაქსიმალურად კარგად მოვემზადო და იმ დონეზე ვიყო, რომ გუნდს რეალურად დავეხმარო. მოკლედ, ყველაფერი სტაბილურადაა და პროგრესი ნელ-ნელა იგრძნობა.

რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებ ფორმაში ჩადგომას. არ მინდა, გუნდს ტვირთად დავაწვე, რადგან ორი კვირის განმავლობაში ვერც ვვარჯიშობდი და მხოლოდ სამი სრული სესია ჩავატარე ესპანეთთან თამაშამდე“.

მწვრთნელების თვალით

ალექსანდრ ჯიკიჩი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„მზად ვართ ბრძოლისთვის, ევრობასკეტი იწყება და წინ დიდი შეხვედრა გველოდება ესპანეთთან. ტრიბუნაზე ბევრ ქართველ ქომაგს ველოდები.

რა თქმა უნდა, სირთულეები გვქონდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა მხოლოდ მომავალზე და პირველ მატჩზე ვფიქრობთ.

ესპანეთს სისუსტე თითქმის არ აქვს, ეს გუნდი გამოცდილი და მაღალი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ყველა კომპონენტში ძლიერები არიან და ტურნირის მოგების ერთ-ერთი ფავორიტებიც. თუმცა, ეს იქნება სტილების დაპირისპირება. ჩვენც გვაქვს ძლიერი მხარეები და მჯერა, ეს გამოჩნდება“, – განაცხადა ჯიკიჩმა.

სერჟიო სკარიოლო, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთხელ უკვე დაგვამარცხა. ახლაც კარგი გუნდია. განსაკუთრებით ძლიერი წინახაზელები ჰყავს. ჩვენზე დიდები არიან სიმაღლეშიც და წონაშიც. ამიტომ განსაკუთრებული მობილიზება გვჭირდება, რომ ქართველები ფარქვეშ არ შევუშვათ.

მახვილგონივრულად უნდა ვითამაშოთ მათი უმაღლესი დონის NBA-ს კალათბურთელებისა და ძალიან კარგი ამერიკელი გამთამაშებლის წინააღმდეგ. ფლანგებზეც კარგი კალათბურთელები ჰყავთ. საქართველო ძალიან გამოცდილი გუნდია, არაერთი კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონატს წარმოადგენს, მათ შორის გიორგი შერმადინი, რომელიც უკვე ლეგენდაა.

ვფიქრობ, თანაბარი თამაში იქნება და იმედი მაქვს, ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“.

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან სულ ოთხჯერ ითამაშა. ანგარიშია 3:1 მეტოქის სასარგებლოდ. ერთი მოგება 2022 წელზე მოდის, როდესაც საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, „თბილისი არენის“ გახსნით მატჩში მაშინდელი მსოფლიო ჩემპიონი ოვერტაიმში დაამარცხა.

ევრობასკეტი 2013. ჯგუფური ეტაპი

09.09.2013
საქართველო-ესპანეთი  59:83
17:17, 12:24, 10:21, 20:21

საქართველო: ცინცაძე (32წთ, 6ქ, 5პ), შერმადინი (25წთ, 10ქ, 4მ), ჰიკმანი (26წთ, 7ქ, 5მ), ფაცაცია (14წთ, 3ქ), სანიკიძე (24წთ, 8ქ, 4მ), მეტრეველი (16წთ, 4ქ, 4მ), ფხაკაძე (2წთ) სანაძე (24წთ, 7ქ, 3მ), ბურჯანაძე (5წთ, 2ქ), ლეჟავა (22წთ, 7ქ, 5მ), ცქიტიშვილი (9წთ, 5ქ, 3მ)

მსოფლიოს თასი 2023. შესარჩევი

29.11.2021

ესპანეთი-საქართველო 89:61

23:15, 24:16, 17:10, 25:20

საქართველო: მაზიაშვილი, ფევაძე, მაკფადენი (14ქ, 5მ, 5პ), ბურჯანაძე (14ქ), შერმადინი (21ქ, 9მ), ფხაკაძე (2ქ), ჯინჭარაძე (8ქ), ტურძილაძე (2ქ), კორსანტია, ბერიშვილი, ბაქრაძე.

მსოფლიოს თასი 2023. შესარჩევი

04.07.2022

საქართველო-ესპანეთი 82:76 დ.დ.

15:14, 22:17, 7:16, 23:20, 15:9

საქართველო: ანდრონიკაშვილი (17ქ), მაკფადენი (16ქ, 8პ), სანაძე (8ქ), შენგელია (12ქ, 10მ, 7პ), შერმადინი (18ქ, 5მ), ჯინჭარაძე (3ქ), ბურჯანაძე (3ქ), ბექაური (5ქ), ბოქოლიშვილი, ბაქრაძე (1ქ).

ევრობასკეტი 2022. ჯგუფური ეტაპი

03.09.2022

საქართველო-ესპანეთი 64:90

16:18, 15:22, 16:31, 17:19

საქართველო: ანდრონიკაშვილი (13ქ), მამუკელაშვილი (10ქ, 9მ, 3პ), ჯინჭარაძე (2ქ), მაკფადენი (6ქ), სანაძე (9ქ), ბერიშვილი (3ქ), შერმადინი (10ქ, 6მ), ბურჯანაძე (6ქ), ბექაური, ბოქოლიშვილი (5ქ), ცინცაძე, ბითაძე.

პირველი არხი