სომხეთი რუსული საბანკო ბარათის, „მირის“ ოპერაციების აღდგენას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, ქვეყნის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლუსინე გევორგიანმა განაცხადა, ქვეყანა გეგმავს „მირის“ ბარათების მხარდაჭერის და QR კოდებით გადახდის დანერგვას.
გევორგიანის განცხადებით, წლის დასაწყისიდან ქვეყანას, დაახლოებით, 2 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია, რომელთაგან ტურისტული ნაკადის თითქმის მესამედი რუსებზე მოდის.
„ტურიზმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა. 2024 წელს მისმა წვლილმა მშპ-ში 14%-ს მიაღწია. მთავრობა მალე მიიღებს ტურიზმის განვითარების სტრატეგიას 2026-2030 წლებისთვის“, – განაცხადა სომხეთის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ.
უკრაინაში ომის შემდეგ, სომხეთის ბანკების უმეტესობამ 2024 წლის გაზაფხულზე სანქციების საფრთხის გამო შეაჩერა „მირის“ ბარათებით ოპერაციები. მას შემდეგ რუსეთის საგადახდო სისტემის კუთვნილი ბარათებიდან თანხის განაღდება მხოლოდ VTB-ს ბანკომატების მეშვეობით იყო შესაძლებელი.