ყველას გვსმენია ისტორია, თუ როგორ დააარსა ჯეფ ბეზოსმა Amazon 1994 წელს, როდესაც ნაქირავები ავტოფარეხიდან წიგნები ონლაინ გაყიდა და თავად შეფუთა შეკვეთები. ეს მოკრძალებული დასაწყისი კომპანიის ძლიერ ისტორიას ქმნის, რომელმაც ბეზოსის ხედვა, გამხდარიყო „ყველაფრის მაღაზია“, 2.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების ელექტრონული კომერციის გიგანტად აქცია. 

Amazon ცნობილი მაგალითია, თუმცა ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია თავისი ისტორიის ისე მოყოლა, რომ ადამიანების გული დაიპყროს. ბიზნესთხრობის შესახებ საბაზისო ინფორმაციის მისაღებად და რამდენიმე მაგალითისთვის, განაგრძეთ კითხვა.

რა არის კარგი თხრობის ძირითადი კომპონენტები

მოდი, პირველ რიგში განვიხილოთ, თუ რა ხდის ისტორიას ისტორიად. თითქმის ყველა წარმატებულ ამბავს ერთი და იგივე კომპონენტები აქვს.

ჯოზეფ კემპბელმა თავის წიგნში The Hero With a Thousand Faces აღნიშნა, რომ ამბებს, ძირითადად, მსგავსი სტრუქტურა აქვს. გმირის მოგზაურობა სამი ეტაპისგან შედგება:

  • საკუთარი თავის ძიება
  • გზად გამოცდის გავლა და ჩაბარება
  • გმირის სახლში დაბრუნება

რატომ არის ამბების მოყოლა კარგი ბიზნესისთვის

კომპანია, რომელმაც იცის, როგორ მოჰყვეს ისტორიებს, ყოველთვის გამოირჩევა კონკურენტებისგან. როგორც წესი, ისტორიები უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე ფაქტები და ციფრები. ამაზე კვლევაც არსებობს, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანების 60%-ზე მეტი მარტივად იმახსოვრებს ამბებს, მაგრამ ინდივიდუალური სტატისტიკის გახსენება მხოლოდ 5%-ს შეუძლია. აქვე, მომხმარებელთა სამი მეოთხედი უფრო მეტად იმახსოვრებს ბრენდს, თუ ის ასოცირდება მნიშვნელოვან ისტორიასთან.

კარგი ისტორიების მოყოლა ასევე დიდ გავლენას ახდენს შესყიდვის გადაწყვეტილებებზე. მყიდველების ნახევარზე მეტისთვის, ბრენდის ისტორიის სიყვარული სერიოზულ გავლენას ახდენს პროდუქტის ყიდვაზე.

ვინ ჰყვება ბიზნესის ამბავს ყველაზე კარგად

ადამიანები! ბიზნესის ისტორიების საუკეთესო მთხრობელია არა სტანდარტული ბლოგპოსტი, არამედ ადამიანები, რომლებიც ამ ბრენდთან იკვეთებიან. ნებისმიერი კომპანია უნდა იაზრებდეს, რომ საუკეთესო მთხრობელები არიან აღმასრულებელი დირექტორი, გუნდის ლიდერი, დამფუძნებელი და სხვა, რადგან მათთან კონტაქტი აუდიტორიას აკავშირებს ამ ბიზნესთან და ამაღლებს ბრენდის ცნობიერებას.

ქვემოთ გაგიზიარებთ 5 მაგალითს, რომლებიც გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდის ისტორიის მოყოლა მისივე წარმატებისათვის:

Airbnb

Airbnb 2007 წელს თანამცხოვრებლებმა, ბრაიან ჩესკიმ და ჯო გებიამ დააარსეს. ისინი ცხოვრობდნენ სან-ფრანცისკოში და იზიარებდნენ ბინის საფასურს. ერთხელაც გადაწყვიტეს, რომ ეს საქმე ბიზნესად ექციათ და ბინაში გასაბერი ლეიბები დადეს, რომლითაც ადგილის გაქირავება ცადეს.

ფულის შოვნის ამ მოკრძალებულმა სქემამ გაამართლა და მალე Airbnb-ად იქცა, რომელმაც მოიცვა ხუთ მილიონზე მეტი მასპინძელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Apple

დაბრუნების ისტორიები არანაკლებ საინტერესოა. ბიზნესსამყარო სავსეა წარუმატებელი კომპანიების ამბებით, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რომელიმეს მობრუნება ბაზარზე ყველაფერს ცვლის. ცოტამ თუ მოახერხა ეს ისე დრამატულად დაბრუნებოდა საქმეს, როგორც სტივ ჯობსმა1997 წელს, როდესაც Apple გაკოტრების პირას იყო.

ჯობსმა შეამცირა პროდუქციის ხაზი, რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოჰქონდა და ხელმძღვანელობდა iMac-ის გამოშვებას, რითაც კომპანია დაუბრუნა მომხმარებლებს. ჯობსის ხელმძღვანელობით, Apple-მა ასევე გამოუშვა რევოლუციური iPod და iPhone. დღეს ის მსოფლიოში სამ ყველაზე ღირებულ კომპანიას შორისაა.

Patagonia

როდესაც ბიზნესს ფულის გამომუშავების გარდა სხვა მიზანიც აქვს, ამ ისტორიის მოყოლა მას გამორჩეულობის მიღწევაში დაეხმარება. Patagonia-ს ისტორია ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

დამფუძნებელმა, გამოცდილმა კლდეზე მცოცავმა, ივონ შოინარდმა, დაიწყო ისეთი კლდეზე ცოცვის აღჭურვილობის შექმნით, რომელიც კლდეებს არ დააზიანებდა. შემდეგ შოინარდმა გადაინაცვლა გარე ტანსაცმლის წარმოებაზე და 1973 წელს გამოუშვა ბრენდი, რომელსაც დღეს Patagonia ჰქვია. მისია აშკარა იყო – გარემოს პატივისცემა და დაცვა. Patagonia დიდი ხანია თავისი გაყიდვების 1%-ს გარემოსდაცვით საკითხებს უთმობს.

Spanx

ზოგადად, საუკეთესო ბიზნესისტორიები, ძირითადად, მათი დამფუძნებლებისგან მოდის. 1990-იანი წლების ბოლოს სარა ბლეიკლიმ შეამოკლა ქალის კოლგოტები, რათა ტანსაცმლის შიგნით ისინი უფრო გლუვად წარმოჩენილიყო. მან ორი წელი დახარჯა, რათა თავისი ეს ხრიკი რეალიზებულ პროდუქტად ექცია. 

2012 წლისთვის ბლეიკლი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერ ქალად დასახელდა, რომელმაც თვითონ შექმნა საკუთარი პროდუქტი და ბრენდი. 

Starbucks

ზოგიერთ ბიზნესლიდერს აქვს ნიჭი, შექმნას ხედვა, რომელიც მათ კომპანიას წინსვლისკენ უბიძგებს და ეს ხედვა მარტივი ენით გადმოსცეს.

როდესაც ჰოვარდ შულცი 2008 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისის პიკში, Starbucks-ის აღმასრულებელ დირექტორად დაბრუნდა, მან მმართველი გუნდი შეცვალა და ასობით მაღაზია დახურა. მომავალი რთული რეკონსტრუქციისთვის შულცს სჭირდებოდა ხედვა, რომლის გარშემოც თანამშრომლები და ინვესტორები გაერთიანდებოდნენ. მან Starbucks-ის იდეა „მესამე ადგილის“ იდეაზე დააფუძნა – სივრცე სახლსა და სამსახურს შორის, სადაც ადამიანებს შეეძლოთ დროის გატარება და ერთმანეთთან კომუნიკაცია.

ეს ხედვა გამართლდა და Starbucks-ს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 100 მილიარდ დოლარამდე ზრდა მოუტანა.

marketer.ge