უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული იარაღის კონტროლირებადი ექსპორტის დაწყების შესახებ იუწყება.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ამით სურთ, უზრუნველყონ აუცილებელი სამხედრო აღჭურვილობის დაფინანსება და მასშტაბური წარმოება. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, უკრაინას ზოგიერთი თანამედროვე იარაღის წარმოება იმაზე უფრო დიდი რაოდენობით შეუძლია, ვიდრე მისი დაფინანსების შესაძლებლობა აქვს და ზოგიერთ შემთხვევაში კი ჭარბი რაოდენობაც აქვთ, ხოლო დეფიციტური საშუალებების შევსებას კი სწორედ ცალკეული უკრაინული შეიარაღების მართვადი ექსპორტის ხარჯზე მიღებული შემოსავლით გეგმავენ. მაგალითისთვის, უკრაინის პრეზიდენტს საზღვაო დრონები მოჰყავს, რომლებზეც, მისი თქმით, საზღვარგარეთ არის მოთხოვნა, მათ კი ჭარბი რაოდენობით აქვთ; ასევე, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და სხვა სამხედრო ტექნიკა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, უახლოესი ორი კვირის ვადაში იგეგმება სამი სხვადასხვა საექსპორტო პლატფორმის კონცეფციის წარდგენა. გეგმა ითვალისწინებს უკრაინაში იარაღის წარმოების დაფინანსებას, უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივად დამზადებას და ამ წარმოებული პროდუქციის მიწოდებას. მიღებული რესურსები კი ფრონტის ხაზზე საჭირო დრონების წარმოებაზე იქნება მიმართული.