ფრანგული ენერგეტიკული კომპანია TotalEnergies SE მიიჩნევს, რომ ევროკავშირს რუსული გაზის აკრძალვის შემთხვევაში საკმარისი ალტერნატივები ექნება, წერს Bloomberg.
„კარგი ამბავი ის არის, რომ თხევადი ბუნებრივი აირის ბაზარი კარგად იქნება მომარაგებული 2027, 2028 და 2029 წლებში. 2022 წლის კრიზისის გამო ჩვენ დიდ სიმძლავრეს ვაშენებთ. არ მეშინია, რომ ალტერნატივების პოვნას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა პატრიკ პუიანემ ოთხშაბათს ტოკიოში გამართულ კონფერენციაზე.
TotalEnergies-ის ხელმძღვანელის თქმით, ევროპის უარი რუსული გაზის შეძენაზე მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით არ არის განპირობებული.
„ეს ასევე დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ჩვენ დავკარგეთ ნდობა რუსეთის, როგორც მიმწოდებლის მიმართ. ენერგეტიკის სექტორში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ნდობა ფუნდამენტურია ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. და რაც მოხდა რუსეთის ომის დროს, არის ის, რომ ენერგია იარაღად გამოიყენეს. და, რა თქმა უნდა, ევროპისთვის ალტერნატივების ძიება უბრალოდ ფუნდამენტურია“, - განმარტა პუიანემ.