რამდენიმე წყარო CNN-ს უყვება, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვენესუელაში მოქმედი ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით სამიზნეების შესაძლო დაბომბვას. წყაროების თქმით ეს კამპანია უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ვენესუელას ავტოკრატი ლიდერის, ნიკოლას მადუროს დასუსტებას ისახავს მიზნად.

წყაროების თქმით, 2 სექტემბერს ვენესუელიდან გამგზავრებულ ნარკოკარტელის ნავზე მიტანილი იერიში ამ გეგმებს პირდაპირ ასახავდა და ტრამპის ადმინისტრაციის კამპანიაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ, რომელთაგან მრავალი ტერორისტულ ჯგუფად არის აღიარებული, მნიშვნელოვანი ესკალაციის ნიშანი იყო.

რამდენიმე წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ 2 სექტემბრის იერიში რეგიონიდან ნარკოტიკების კონტრაბანდის აღმოფხვრისა და შესაძლოა მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ მიმართული გაცილებით ფართო ძალისხმევის მხოლოდ დასაწყისი იყო.

5 სექტემბერს ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას, სურს თუ არა მას ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა: "ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმ ფაქტზე, რომ [ვენესუელამ] ჩაატარა არჩევნები, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური არჩევნები იყო".

აშშ-ს რამდენიმე ოფიციალური პირი CNN-ს უყვება, რომ აშშ-მ ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა გადაისროლა კარიბის ზღვის აუზში. მათი თქმით, ეს ნაბიჯი ნაწილობრივ მადუროსთვის სიგნალის მიწოდებას ემსახურებოდა.

ტომაჰავკის რაკეტებით შეიარაღებული გემები, საბრძოლო წყალქვეშა ნავი, სხვადასხვა ტიპის ავიაცია და 4 000-ზე მეტი ამერიკელი მეზღვაური და საზღვაო ქვეითი უკვე ვენესუელასთან ახლოსაა განლაგებული.

ადმინისტრაციის ორი ოფიციალური პირი CNN-ს ასევე უყვება, რომ პუერტო-რიკოში 10 F-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი იგზავნება, სადაც საზღვაო ქვეითთა დანაყოფი საზღვაო-სადესანტო წვრთნებს ატარებს.

tabula.ge