აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მედვედევის მუქარის შემდეგ "შესაბამის რეგიონში" ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების გადაწყვეტილება ხალხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.
"მუქარა გაჟღერდა და ჩვენი შეფასებით, ეს სრულად შეუფერებელი იყო. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. ასე რომ, [წყალქვეშა ნავების გაგზავნის] გადაწყვეტილება ჩვენი ხალხის უსაფრთხოების საფუძველზე მივიღე. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მუქარა გამოთქვა და ჩვენ ჩვენს ხალხს დავიცავთ." - განუცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს.
ტრამპმა დაამატა, რომ "[მედვედევი] ბირთვულზე ლაპარაკობდა, როცა ბირთვულზე საუბრობ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და სრულიად მზად ვართ."
მანამდე ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ დმიტრი მედვედევის "ძალზე პროვოკაციული განცხადებებიდან" გამომდინარე შესაბამის რეგიონში "ორ ბირთვულ წყალქვეშა ნავს გადაადგილების ბრძანება" მისცა.
"რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ძალზე პროვოკაციული განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, მე შესაბამის რეგიონებში ორ ბირთვულ წყალქვეშა ნავს გადაადგილების ბრძანება მივეცი იმ შემთხვევისთვის, თუ გამაღიზიანებელი და სულელური განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე - სიტყვები. სიტყვები ძალზე მნიშვნელოვანია და ხშირად მათ შეუძლიათ, გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანონ. იმედი მაქვს, ეს მსგავსი შემთხვევა არ იქნება," - წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.