უკრაინული დრონების დარტყმების გამო რუსეთმა შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოს რამდენიმე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმებმა, რომლებიც აგვისტოში განახლდა და უკვე მინიმუმ 7 მსხვილ ქარხანას შეეხო, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკის ამ სფეროს. აგვისტოს თვის დასაწყისიდან დრონებით დარტყმების გამო რუსეთში მუშაობა შეაჩერეს სიზრანის, ნოვოკუიბიშევოს, სარატოვისა და ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა. მუშაობა ნახევრად შეაჩერა რიაზანის “როსნეფტის” ქარხანამ, რომელიც საწვავით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ამარაგებს. დრონებით დარტყმები ასევე განხორციელდა სლავიანსკის, აფიპსკისა და მოვოშახტინსკის ქარხნებზე.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ქარხნები დიდი ხნით ან “თუნდაც სამუდამოდ” შეიძლება იქნას გამოყვანილი მწყობრიდან. აღინიშნება, რომ გასულ წელს უკრაინული დრონებით დარტყმებმა რუსეთში ნავთობგადამუშავება უკვე 12-წლიან მინიმუმამდე დაიყვანა - 267 მილიონი ტონა, თუმცა დარტყმები მაშინ ლოკალური, როგორც წესი ერთი ქარხნის წინააღმდეგ იყო. როგორც გამოცემა წერს, ახლა კამპანია მოხმარებისა და გადამუშავების ყველა საკვანძო რეგიონის წინააღმდეგაა მიმართული, რამაც საწვავის ბაზრისთვის “უპრეცედენტო” შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.

ipn.ge