რუსეთი აგრძელებს უკრაინული მარცვლეულის უკანონო ექსპორტს ოკუპირებული ყირიმიდან შავი ზღვის გავლით და ამას ყალბი დროშების, გამორთული სანავიგაციო სისტემებისა და გემის ჟურნალების გაყალბების გზით ახერხებს.
გამომძიებლები ყოველ კვირას მძარცველი გემების ახალ-ახალ რეისებს აფიქსირებენ. ამ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - ყირიმმა (Suspilne Crimea) გაარკვია, თუ რა სქემებს იყენებს რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულის ექსპორტისთვის.
პროექტ SeaKrime-ს გამომძიებელი, კატერინა იარესკო გვიჩვენებს, თუ როგორ გადაადგილდება ოკუპირებული ყირიმიდან გასული რუსული გემი „კაფა“ შავ ზღვაში. ამ გემს მოპარული უკრაინული მარცვლეული გადააქვს. „ასეთი მძარცველი გემები, რომლებიც მარცვლეულს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან ეზიდებიან, ყოველ კვირას ფიქსირდება“, - ამბობს იარესკო. პროექტი SeaKrime ნახევარკუნძულიდან მარცვლეულის უკანონო ექსპორტს 2016 წლიდან აკონტროლებს. ერთ-ერთი ინსტრუმენტია NASA-ს სასურსათო პლატფორმა, რომელიც თანამგზავრული სურათების გამოყენებით, კონკრეტულ ტერიტორიებზე მოყვანილი საკვები პროდუქტის რაოდენობას ზომავს.
„ყირიმს ყოველთვის იმაზე მეტი მარცვლეული მოჰყავდა, ვიდრე მოხმარებისთვის სჭირდებოდა. ამიტომ, ის ყოველთვის ახორციელებდა ამ მარცვლეულისა და სხვა კულტურების ექსპორტს. 2022 წელს დავაფიქსირეთ, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, ყირიმიდან ექსპორტირებული მარცვლეულის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა. ეს არის მოპარული მარცვლეული, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში - ინახებოდა“, - ამბობს კატერინა.
„ამ უკანონო ტვირთების ექსპორტს რუსული გემები ახორციელებენ, ხშირად - სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ“, - აღნიშნა მან.
„არსებობენ გემები, რომლებიც გარკვეულ ოფშორულ იურისდიქციებში არიან რეგისტრირებულები და იმ ქვეყნების დროშებით ცურავენ, რომლებსაც „მოხერხებულებს“ უწოდებენ. სწორედ ეს ფლოტი ახორციელებს ამ მარცვლეულის ექსპორტს. რუსული ფლოტი და ეს გემები გარკვეული სახის სამთავრობო სტრუქტურებთან არიან დაკავშირებულები“, - განაგრძობს კატერინა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SSU) ყირიმის ოფისის ცნობით, უკანონო ქმედებებისთვის გათვალისწინებული სასჯელის თავიდან ასაცილებლად, მარცვლეულის მომპარავი გემების კაპიტნები ხრიკებს მიმართავენ.
„უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან,კერძოდ კი ყირიმის ნახევარკუნძულთან მიახლოებისას, კაპიტნებმა დაიწყეს საერთაშორისო სანავიგაციო სისტემის გათიშვა, რაც საერთაშორისო გადაზიდვების სტანდარტების ძალიან უხეში დარღვევაა. მოგვიანებით, ჩვენ ასევე წავაწყდით ისეთ საკითხებს, როგორიცაა ცრუ მონაცემების შეტანა ნავიგაციის ისეთ „წმინდა წიგნში“, როგორიცაა გემის ჟურნალი“, - ამბობს SSU-ს ოპერატიული თანამშრომელი.
აპრილში SSU-მ რუსული „ჩრდილოვანი“ ფლოტის შემადგენლობაში მყოფი ბალკერი „ანკა“ დააკავა.
„თავად გემი ყირიმში მონღოლეთის დროშით შევიდა, რომელიც ოფშორული ზონაში, კერძოდ კი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ ორ უცხოურ კომპანიას ეკუთვნოდა. მდინარე დუნაიზე ცურვის დროს, როდესაც ის დააკავეს, გემზე ტანზანიის დროშა ფრიალებდა. მფლობელებს შორის ასევე ფიქსრდება მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული ერთ-ერთი ფირმა“, - განაგრძობს ოპერატიული თანამშრომელი.
გასულ წელს, სატვირთო გემი USKO MFU-ი, რომელიც სევასტოპოლში კამერუნის დროშით მიემგზავრებოდა, რენის პორტის სიახლოვეს დააკავეს. გემი დააპატიმრეს და „აქტივების დაბრუნებისა და მართვის სააგენტოს“ (ARMA) გადასცეს.
„კაპიტანი პასუხისგებაში მიეცა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. ის გაასამართლეს, მან დანაშაული აღიარა და ჯარიმა დაეკისრა. თავად გემი დაპატიმრებულია და სახელმწიფოს სასარგებლოდ გასაყიდად ამჟამად ARMA-სთვის არის გადაცემული“, - განაცხადა SSU-მ.
ოკუპირებისთანავე, რუსებმა ყირიმის ლოგისტიკურ ცენტრად გამოყენება დაიწყეს. კერძოდ, კატერინა იარესკოს თქმით, ოკუპირებული ნახევარკუნძულიდან წაღებული მარცვლეული რუსეთისადმი ლოიალურ ქვეყნებს მიეწოდებოდათ.
„ადრე სირია ამ მარცვლეულს სახელმწიფო დონეზე იღებდა. სირიაში მარცვლეულის იმპორტზე სახელმწიფო ოპერატორი იყო პასუხისმგებელი და ამ მარცვლეულის უმეტესი ნაწილი, ალბათ, სირიას მიჰქონდა. მაგრამ ახლა, სირიაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს პრაქტიკა შეიცვალა. ამჟამად უკვე ეგვიპტეა მოპარული მარცვლეულის მიღების ცენტრი. ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ ირანი, დავაფიქსირეთ იემენი. ძალიან სასიამოვნოა, რომ ლიბანში შეღწევის მცდელობები იყო, მაგრამ ისინი არ განხორციელდა. ლიბანმა ორჯერ თქვა მასზე უარი“, - დასძინა კატერინამ.
არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი უკრაინული მარცვლეული გაიტანეს უკანონოდ ოკუპანტებმა ყირიმის ოკუპაციისა და სრულმასშტაბიანი ომის წლებში. NASA-სსასურსათო პლატფორმის თანახმად, რომელიც მოსავლის მოცულობას ზომავს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველწლიურად, სულ მცირე, 6 მილიონი ტონის ოდენობის მარცვლეული მოდის.
წყარო: 1 არხი