სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული კურიერები ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. მათ 29 მაისს მორიგი საპროტესტო მსვლელობა გამართეს და თქვეს, რომ საკურიერო მომსახურების ტარიფები დაბალია, რის გამოც მათ არ აქვთ ღირსეული ანაზღაურება.

კურიერების მოთხოვნაა: შრომის შესაბამისი ანაზღაურება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების რეგულირება და საკურიერო სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვა.

„2 და 3 ლარზე ჩამოწიეს ტარიფები, რაც ძალიან დაბალია. საათში რამდენი შეკვეთა უნდა დაარიგო, რომ რაღაც გამოიმუშაო? ყოველ ხუთშაბათს ვაპირებთ გაფიცვას, არ გავჩერდებით“, – ამბობს კურიერი ბექა კობრიაშვილი ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას.

კურიერები დახმარებას მთავრობისგან ითხოვენ და ამ მოთხოვნების თაობაზე შედგენილი წერილი მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს პარლამენტს გადასცეს.