2025 წლის 29 მაისს, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) წევრი კომპანიების მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს განახლებადი ენერგიის სექტორში მიმდინარე პროცესების განხილვა, უახლესი ტენდენციების, რეგულაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც წევრმა კომპანიებმა, ასევე მოწვეულმა ექსპერტებმა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებმაც დამსწრეებს მნიშვნელოვანი ანალიზი და ხედვები წარუდგინეს.

შეხვედრის ფარგლებში, გერმანული საკონსულტაციო ენერგეტიკული კომპანიის - OMNIA-ს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია მდგრადი ენერგეტიკის შესახებ საქართველოში. ყურადღება გამახვილდა სუფთა ენერგიის პაკეტზე, ენერგეტიკული ვაჭრობის შესაძლებლობებსა და მწვანე წყალბადის როლზე საქართველოს ენერგეტიკულ გარდამავალ პროცესში.

ასევე, Galt & Taggart-ის ენერგეტიკის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა, წარმოადგინა ანალიტიკური პრეზენტაცია თემაზე „ელექტროენერგიის გენერაციის დინამიკა და მოლოდინები“, რომელიც ეფუძნებოდა 2025 წლის პირველი კვარტლის ანგარიშს. განხილული იქნა გენერაციისა და ექსპორტის მონაცემები, ელექტროსადგურების შედარება და გენერაციის პროგნოზები.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა მოწვეული სტუმარი - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ელენე ღუბიანური, რომელმაც ისაუბრა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე. ცვლილებები მიზნად ისახავს პროცედურების გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ამაღლებას, ხარვეზების იდენტიფიცირების მექანიზმების გაუმჯობესებას. ელენე ღუბიანურმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელ ცვლილებებზე და გამოთქვა სრული მზაობა კერძო სექტორთან თანამშრომლობისთვის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის სამუშაო შეხვედრები, რადგან ისინი რეალურ სივრცეს ქმნის დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის. წევრი კომპანიების ჩართულობა, საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილების გაზიარება და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაცია ხელს უწყობს სექტორის კონსოლიდაციას, საერთო ხედვების ჩამოყალიბებას და რაც მთავარია, განახლებადი ენერგიის დარგის მდგრად განვითარებას საქართველოში, “ - აღნიშნა GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორმა მაია მელიქიძემ.

შეხვედრა გაიმართა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ (GIEC) მხარდაჭერით, რომელიც ფლობს მზისა და ჰიდროელექტროსადგურებს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.