რუსთავში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნა. მას ვისაც თბილისში ბინის შესაძენად ბიუჯეტი არ ყოფნის, არჩევანს რუსთავზე აკეთებს, სადაც საცხოვრებელი ქონების ფასი შედარებით დაბალია. კვადრატულის ღირებულება 100-დან 150 დოლარზე ნაკლები ჯდება, თუმცა მყიდველს შესაძლოა გაუმართლოს და ქონების მშენებლობის დაწყების ეტაპზე შეძენის შემთხვევაში ნაკლები გადაიხადოს.

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრი ირმა ელბაქიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ რუსთავში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება. გაზრდილი მოთხოვნის პირობებში კი ბინების ფასი მოიმატებს.

,,აუცილებლად გაიზრდება ფასები რუსთავში. ჩვენი ანალიტიკის მიხედვით, თუ დავაკვირდებით შარშანდელ მონაცემებს, სადაც 600-700 დოლარში შეიძლებოდა კვადრატულის შეძენა, ახლა იგივე ფასში ვეღარ შეიძენს მყიდველი. შესაბამისად, აუცილებლად გაიზრდება. თბილისთან შედარებით რუსთავში ბინების ფასები დაახლოებით 100-დან 150 დოლარამდე ნაკლები ღირს კვადრატულზე. არის შემთხვევები, როდესაც რუსთავში კვადრატულის ფასი 1000 დოლარია. თუ პირველ ეტაპზე შედიან მყიდველები, მაგალითად პრისეილების დროს ანუ ახალი ჩაყრილი როცაა საძირკველი, ამ პერიოდში თუ მიდის მყიდველი შეიძლება 900-950 დოლარადაც მოხდეს შესყიდვის განხორციელება.’’- ამბობს ირმა ელბაქიძე.

უძრავი ქონების შეძენის მსურველების მხრიდან რუსთავის მიმართ ინტერესი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთ-ერთი დაბალი ფასია. მეორე ურბანული განვითარება და ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. კიდევ ერთი მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართვას უკავშირდება, რამაც რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლის დრო თითქმის იგივე გახადა, რაც თბილისის გარე უბანში მცხოვრებს დედაქალაქის ცენტრში მოსახვედრად სჭირდება.

,,ზოგადად ურბანიზაციის პროცესია ეს და აბსოლუტურად ნორმალურია. თუ დავაკვირდებით თბილისის ურბანიზაციას ვნახავთ, რომ გაიზარდა დიდი დიღომი, გლდანი, ვარკეთილი. შესაბამისად, ქალაქი ფართოვდება და ავტომატურ რეჟიმში მიმდებარე ტერიტორიები უფრო მეტად განაშენიანებას ექვემდებარება. რუსთავი ახლოს არის თბილისთან. შესაბამისად, ვისაც ბიუჯეტი არ ჰყოფნის თბილისში ბინის შესაძენად, ძალიან ხშირი შემთხვევა არის, რომ მიდის რუსთავში. ქალაქში მიდის აქტიური განაშენიანება. უკვე საკმაოდ ძლიერი დეველოპერები შევიდნენ და აშენებენ საინტერესო ქონებებს. ფასები უფრო დაბალია ვიდრე თბილისში. რუსთავის მიმართ ინტერესი ამანაც გამოიწვია. აღმოსავლეთის მხრიდან ვინც ჩამოდის თბილისში, სტუდენტები განსაკუთრებით ან ვინც თბილისში მუშაობს, მათთვის რუსთავი ძალიან საინტერესოა, რადგან საკმაოდ კარგად გაიმართა ტრანსპორტი. ტრანსპორტი კარგად მოძრაობს რუსთავიდან. დრო რომ განსაზღვრო, ზოგჯერ იგივეა რამდენიც ვარკეთილიდან ცენტრში მისასვლელად გჭირდება. ან გლდანიდან თბილისის ცენტრში რომ მიხვიდე, დრო დაახლოებით იგივე გამოდის, რაც რუსთავიდან თბილისს ცენტრში ჩამოსვლას სჭირდება.’’- აცხადებს ირმა ელბაქიძე.