ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, კახა ხაზარაძის შეფასებით, ე.წ. რუსული კანონის მიღებით ქვეყანა საბჭოთა კავშირში დაბრუნდება.

როგორც კახა ხაზარაძემ BMG-ს გასულ წელს ჩაგდებული კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით განუცხადა, გაუგებარია საქართველოს მთავრობის განცხადებები, როდესაც ევროპელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, აღნიშნული კანონი არ მივიღოთ.

„ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ და ვითხოვთ, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვიყოთ, აქედან გამომდინარე, მათ უნდა მოვუსმინოთ, როდესაც ევროკავშირის 27 წევრი გეუბნება, რომ არ მიიღო ეს კანონი. 30 წელიწადია, ჩვენი ძირითადი ბიზნეს-პარტნიორები, რა თქმა უნდა ევროპული კომპანიები არიან და ღირებულებები, გამოცდილება, ინვესტიციები, რაც ქვეყანაში შემოვიტანეთ, ევროპიდან მოდის. ჩემთვის გაუგებარია ჩვენი მთავრობის განცხადებები. ჩვენი პრემიერის და გერმანიის კანცლერის პრესკონფერენციას ვუსმინე, სადაც იყო ხაზი გასმული, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ და ამის შემდეგ, როდესაც პარტნიორებს დებატებში იწვევ... პარტნიორებს დებატებში არ იწვევ, ეს ბიზნესშიც არ ხდება. თუ გვინდა, ევროპული სამყაროს ნაწილი გავხდეთ, ასეთ გაუგებარ კანონებზე საუბარი უნდა დავივიწყოთ. ამბობენ, რომ რუსული არაა, მე წავიკითხე წინა ვერსია, ახლა რა უმნიშვნელო ცვლილებაც შეიტანეს, წაკითხული მაქვს 2012 წელს რუსეთის მიერ მიღებული კანონი და ვხვდები, რომ ამ კანონის მიღებით ქვეყანა ფაქტობრივად 90-იან წლებშიც არ დაბრუნდება, დაბრუნდება საბჭოთა კავშირში“,- ამბობს კახა ხაზარაძე.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში შესვლა მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეუძლიათ. შენობაში ვერ შევა ვერც ონლაინ მედიის და ვერც რადიოს ჟურნალისტი.

bm.ge