მიმდინარე მოვლენების ფონზე სულ უფრო ძლიერდება კითხვა, თუ როგორი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება დღეს, რა ადგილი ექნებათ აქ დიდ მოთამაშეებს და განსაკუთრებით ჩინეთს, რომელსაც ამერიკაც კი მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ფაქტია, რაც იყო, იცვლება. როგორ წესრიგს ეყრება საფუძველი, იქნება თუ არა ჩინეთი გლობალურ პოლიტიკაში ახალი პოლუსი, თუ სულაც რამდენპოლუსიანი სამყაროს ფორმირებას უნდა ველოდოთ, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.
- დავიწყოთ იმით, რომ ეს საკმაოდ რთული შეკითხვაა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ერთპოლუსიანი მსოფლიო უკვე აღარ იქნება. ერთპოლუსიანი მსოფლიო პრაქტიკულად ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და კონფრონტაცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ასეთი, დასრულდა. ამან შექმნა განცდა, რომ მსოფლიო არა მარტო ერთპოლუსიანია, არამედ დაპირისპირებაც აღარ არსებობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს, როდესაც სიტუაცია მსოფლიოში დრამატულად არის შეცვლილი, ცხადია, ერთპოლუსიანი სამყარო უკვე აღარ არის (და ვერც იქნება) და აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმეპოლუსიანი. თუმცა არასწორხაზოვნად მიმდინარეობს იმის ფორმირება, ვინ შეიძლება გახდეს პოლუსი და რამდენად იქნება ის პოლუსი. ამასთან, ამა თუ იმ ქვეყანას ან ქვეყანათა ჯგუფს რომ ჰქონდეს ამბიცია და რეალური შესაძლებლობა, პოლუსი გახდეს, 3 პირობაა დასაკმაყოფილებელი. უწინარეს ყოვლისა, ამ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი, ამის საფუძველი კი არის საკმაოდ ძლიერი შეიარაღება, უმთავრესად საკუთარი სამხედრო მრეწველობის საფუძველზე და ქვეყნის ან ქვეყანათა გაერთიანების ეკონომიკური სიძლიერე.
დღევანდელ ვითარებას ამ კრიტერიუმებით თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, პოლუსად რჩება ვაშინგტონი და გამორიცხულია, აშშ პოლუსად არ დარჩეს, მაგრამ უკვე გამოიკვეთა მეორე პოლუსიც და ეს არის პეკინი. ასევე შეუძლებელია ჩინეთი არ იყოს პოლუსი, რადგან მას აქვს საკმაოდ წონადი საერთაშორისო ავტორიტეტი, რომელიც ეფუძნება იმას, რომ თვითონ არის შეიარაღების მწარმოებელი და თან დიდი მასშტაბით; იმავდროულად, საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა, რომელიც ავითარებს ახალ ტექნოლოგიებს და ეკონომიკურადაც საკმაოდ ძლიერდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკა მსყიდველუნარიანი პარიტეტის გათვლით აღემატება აშშ-ს, მიმდინარე ფასებით ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით პირველ ადგილს კვლავ აშშ იკავებს. ასე რომ, ორი პოლუსი უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა.
რაც შეეხება მესამე პოლუსს, ვიტყოდი, რომ ის ჯერ სრულფასოვნად არ ჩანს, თუმცა იკვეთება ე.წ. ნახევარი პოლუსი და ეს იქნება რუსეთი, რადგან რუსეთის პოლუსად არსებობა დღეს აწყობს პეკინსაც და ვაშინგტონსაც. ვხედავთ, რომ ტრამპის ურთიერთობა პუტინთან, მიუხედავად დროდადრო კრიტიკული და აგრესიული წამოძახილებისა, მაინც მეგობრულია. პერიოდულად ტელეფონით მუსაიფობენ, რაღაცებზე თითქოს თანხმდებიან კიდეც. მართალია, საბოლოო შედეგი ჯერ არ მოუციათ, მაგრამ ვაშინგტონი ყველანაირად ცდილობს, რომ მოსკოვი ჩამოაცილოს პეკინის ზეგავლენას და თავის პარტნიორად გაიხადოს. იმავდროულად, პეკინს აქვს რეალური ფაქტობრივი ზეგავლენა მოსკოვზე და არც დათმობს რუსეთს. შედეგად, რუსეთი ფორმალურად მესამე პოლუსი იქნება, თუმცა, ასე ვიტყოდი, რომ ვაშინგტონისა და პეკინისგან განსხვავებით, ეს იქნება ნახევარი პოლუსი. მართალია, რუსეთს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქვს, მაგრამ ის მაინც არ არის თანამედროვე. იმავდროულად, რუსეთის პლუსად უნდა ჩაითვალოს, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქციების დაწესების შემდეგ სასწრაფოდ გადააწყო ეკონომიკა და სრულად გადაიყვანა სამხედრო მიმართულებაზე. ამავე დროს, მას აქვს ბირთვული იარაღი, რაც ხელს უწყობს, რომ იყოს პოლუსი, მაგრამ სრულყოფილი პოლუსი ვერ იქნება ძალიან სუსტი ეკონომიკური საფუძვლის გამო. აქედან გამომდინარე, დღეს გამოიკვეთა, რომ მსოფლიო უკვე ორნახევარპოლუსიანია და ეს პოლუსებია ვაშინგტონი, პეკინი და ნახევარი პოლუსი - მოსკოვი. არის თუ არა ეს ახალი მსოფლიო წესრიგის საბოლოო ვერსია, რა თქმა უნდა, ამაში არა ვარ დარწმუნებული. ბევრი რამ კიდევ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან სწორედ ეს ორნახევარპოლუსიანი მსოფლიოა ყველაზე მეტად მოსალოდნელი.
- ევროპა? აქვს თუნდაც ევროკავშირს შესაძლებლობა, რომ პოლუსი დამოუკიდებლად გახდეს?
- ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, ბრიუსელს დღეს ამის შესაძლებლობა არა აქვს, რადგანაც, ფაქტობრივად, არ გააჩნია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. ის სრულად არის დამოკიდებული ამერიკაში წარმოებული იარაღის შესყიდვაზე. ამიტომაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ მის პოლიტიკურ ზეგავლენას ჰქონდეს რეალური შედეგები, არა აქვს, რადგან იარაღს თვითონ არ აწარმოებს. მართალია, ბრიუსელმა გადაწყვეტა 800 მილიარდი დოლარის ინვესტიციის გამოყოფა ევროკავშირის ტერიტორიაზე სამხედრო წარმოების დასაწყებად, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ამის გაკეთება მარტივი არ არის. დღესვე რომც მოიძებნოს ეს თანხა, შეუძლებელია იარაღის წარმოება მეყსეულად გახდეს შესაძლებელი, მით უმეტეს, თვით ამ თანხის მოძიებაც პრობლემურია. თანხა რომ გამონახოს, უნდა მოაკლოს სხვა პროექტებს, დღეს კი ევროკავშირს სოციალურად ძალიან უჭირს. ეს კი განაპირობა იმან, რომ ევროპული სახელმწიფოები გაივსო დევნილებით სხვადასხვა სახელმწიფოდან, ძირითადად, არაბული სახელმწიფოებიდან, სხვა აფრიკული ქვეყნებიდან და ა.შ. ასე რომ, ევროკავშირს, გარკვეული მიზეზების გამო, სოციალური საკითხებისთვის თანხების მოკლება შესაძლოა კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს. ბოლო დროს რამდენჯერმე მომიწია საზღვარგარეთ ყოფნამ, კერძოდ, გერმანიასა და იტალიაში. გერმანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქში, სადაც კონფერენციაზე ვიყავი, ცენტრალურ უბნებშიც კი ავტომატებით შეიარაღებული პოლიციელები დადიოდნენ. ასეთი რამ ადრე გერმანიაში რომ ყოფილიყო, არ მახსოვს. იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ასევე მოვხვდი მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, გამაოცა იმან, რომ ქალაქის ცენტრში არა მხოლოდ შეიარაღებული სამხედროები იდგნენ, არამედ ჯავშანტექნიკაც იყო გამოყვანილი. იქ ომი არ არის, მაგრამ საფრთხეები საკმაოდ მაღალია. სოციალური პაკეტის შემცირებით კი, რა თქმა უნდა, სხვა პრობლემებიც შეიქმნება. ასე რომ,
ევროკავშირი როგორადაც არ უნდა ქუხდეს, ისეთ ძალას აღარ წარმოადგენს, რადგან საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი არ გააჩნია.
იმავდროულად, ევროკავშირს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში თითქმის ყველა დიდი სახელმწიფო - და ეს განსაკუთრებით ეხება არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის, არამედ ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსაც - ჩამოკიდებული გახდა რუსულ ენერგორესურსებზე. სანქციების გამო დასავლეთი იძულებული შეიქნა ამაზე უარი ეთქვა. რა თქმა უნდა, სანქციებში არის ხვრელები და ისინი მაინც იღებენ რუსულ ენერგორესურსებს, მაგრამ იმ მასშტაბით ვეღარ, და ეს აისახა იმაზე, რომ ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოს და მათ შორის გერმანიას, რომელიც ყოველთვის ითვლებოდა ევროკავშირის ეკონომიკის ლოკომოტივად, დღეს საკმაოდ უჭირს.
- პოლუსად გადაქცევისთვის აუცილებელია ორივე კომპონენტი - სამხედროც და ეკონომიკაც, მაგრამ გადამწყვეტ ფაქტორად დღეს რომელი შეიძლება ჩაითვალოს?
- ერთმნიშვნელოვანი პასუხი არა მაქვს, მაგრამ თუნდაც რუსეთი ნახევარ პოლუსად რომ რჩება მაშინ, როცა ეკონომიკურად საკმაოდ ჩამორჩენილია, სწორედ იმის საფუძველზეა, რომ სამხედრო პოტენციალი აქვს. თუმცა, გავიმეორებ, ის სრულფასოვანი პოლუსი მაინც არ არის და მაინც ნახევარ პოლუსად ვთვლი, იმიტომ, რომ მისი რაღაც დონის პოლუსად ყოფნა ვაშინგტონისა და პეკინის ინტერესებშია. ისინი ყველანაირად ცდილობენ ანგარიში გაუწიონ მოსკოვს. თუმცა რუსეთის მთავარი ძალა სამხედრო მხარეა, ხოლო ნაკლებად - ეკონომიკა.
- ჩინეთი, რომელიც დიდი ხანია, ე.წ. გრეიტ პაუერია, ჩანს, რომ აქცენტს ეკონომიკაზე აკეთებს. პოლუსად მისი ჩამოყალიბების პროცესში, ეკონომიკის გარდა, არის რაიმე ისეთი მის პოლიტიკაში, რაც ყურადღებას იქცევს?
- როცა პოლუსი ყალიბდება, დიდი მნიშვნელობა აქვს მის კულტურულ ზეგავლენას - ანუ კულტურულ ექსპანსიას. გავიხსენოთ, რომ ჯერ საბჭოთა კავშირის დროს და მისი დანგრევის შემდგომაც, რუსული ფაქტორი საკმაოდ ძლიერი იყო, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოირჩეოდა კულტურული ფენომენით. ამის საფუძველი იყო რუსული ენის ცოდნა, რუსული კულტურის თავსებადობა სსრკ-ში შემავალი რესპუბლიკების კულტურებთან - ეთნიკურად არარუსი ხალხები თავისუფლად მღეროდნენ რუსულ სიმღერებს, უყურებდნენ რუსულ ფილმებს, კითხულობდნენ რუსულ მხატვრულ ლიტერატურას. ეს ნიშნავდა გარკვეულ კულტურულ თავსებადობას. გავიხსენებ ჩემთვის მეტად ნიშანდობლივ მომენტს - 1960-იან წლებში, ამ დროს სკოლის მოსწავლე ვიყავი, პოპულარული გახდა "ბითლზი", რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო, საბჭოთა კავშირში კი "ბითლზები" აკრძალული იყო, ისევე როგორც სხვა ე.წ. ბურჟუაზიული კულტურის ფენომენი. იხშობოდა ყველა არხი, საიდანაც შესაძლებელი იყო "ბითლზების" მოსმენა, მაგრამ ფარულად შემოდიოდა სხვადასხვა ჩანაწერი. ეს სიმღერები იმდენად პოპულარული იყო, რომ მიუხედავად იმისა, ქართველმა ახალგაზრდებმა იმ დროს თითქმის არ იცოდნენ ინგლისური ენა, ნამღერიდან სიტყვებს როგორც იგებდნენ, ისე მღეროდნენ. რა თქმა უნდა, ხშირად ეს არ იყო ინგლისური, მაგრამ მაინც მღეროდნენ და ეს იყო ნიშანი, რომ აქაც აღმოჩნდა კულტურული თავსებადობა. ანგლოსაქსური, და საერთოდ დასავლური კულტურა, ადვილად შემოვიდა ქართველი ადამიანის აღქმაში, და არა მარტო ქართველის.
ახლა წარმოიდგინეთ, ამ თვალსაზრისით რა მომავალი აქვს ჩინურ კულტურას. ვერ წარმომიდგენია, რომ ხვალ ქართველი ახალგაზრდობა მასობრივად იმღერებს ჩინურ სიმღერებს, ან მასობრივად დაიწყებს ჩინური ენის შესწავლას. აღარაფერს ვამბობ ჩინურ დამწერლობაზე, რომელიც მთავარი ბარიერია. ამიტომ, ჩემი აზრით, ჩინური ფენომენი უფრო ეკონომიკაზეა გათვლილი და პოლიტიკური კომპონენტი ყოველთვის ბევრად სუსტი იქნება, რადგან თვით ჩინელების კულტურაშია ეს ბარიერი და ის ვერანაირად ვერ გახდება თავსებადი მსოფლიოში ძალიან ბევრი ერისთვის, როგორი თავსებადიც იყო, დავუშვათ, რუსულ კულტურასთან, ან ფრანგულ, გერმანულ თუ ინგლისურ-ამერიკულ კულტურასთან. ასეთი მასშტაბი, რა თქმა უნდა, ჩინური კულტურისთვის შეუძლებელია. პოლიტიკური ზეგავლენის განსამტკიცებლად გჭირდება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული ზეგავლენაც და ამ მხრივ პრობლემა არის ჩინურ კულტურაში. ის ძალიან საინტერესოა, მაგრამ სპეციფიკური და ამის გამო ნაკლებადაა გავრცელებული.
- ჩინურ ეკონომიკაზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, რა ბერკეტებს იყენებს? თუნდაც ის, რომ ბევრგან გასცემს სესხებს და შემდეგ ვალის სანაცვლოდ ხელში იგდებს ქვეყნის მნიშვნელოვან ობიექტებს, არ შეიძლება განვიხილოთ ბერკეტად, რომელიც მუშაობს იქ, სადაც პოლიტიკურ გავლენას ვერ ახდენს?
- არსებული გამოცდილება აჩვენებს, რომ ჩინური ბანკები ადვილად იძლევიან კრედიტებს და შემდეგ ძალიან ბევრ ქვეყანაში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა თუ აზიაში, დაფიქსირდა, რომ ეს ადვილად გაცემული კრედიტები ვერ ბრუნდება. სანაცვლოდ, ჩინეთის საკუთრებაში გადადის სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტები. ამიტომაც არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ -
შეცდომებისგან მაქსიმალურად რომ ვიყოთ დაზღვეული, ჩვენ უნდა მივესალმოთ ჩინურ ინვესტიციებს და ნაკლებად გამოვიყენოთ ჩინური სესხები.
მოგეხსენებათ, ინვესტიციები არის თანამონაწილე საინვესტიციო პროცესისა, მას მიაქვს იმ დივიდენდის ადეკვატური წილი, რითაც ამა თუ იმ პროექტში შევიდა, და ეს ნაკლებად საშიში მექანიზმია, ვიდრე სესხების აღება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ამა თუ იმ ობიექტის ჩინეთის მფლობელობაში გადასვლა აძლიერებს ჩინურ ფაქტორს ეკონომიკურად, მაგრამ პოლიტიკური კომპონენტი რომ გაძლიერდეს, ამას აუცილებლად სჭირდება კულტურული კომპონენტიც, რაც თვით ჩინური კულტურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნაკლებად გავრცელებადია.
- პოლუსი რომ გახდეს თუნდაც გრეიტ პაუერი, მას ხომ სჭირდება მოკავშირეები და ასეთ შემთხვევაში, როდესაც არა აქვს კულტურული და შესაბამისად, პოლიტიკური გავლენა, სამხედრო და ეკონომიკური ბერკეტები საკმარისი იქნება ჩინეთის სრულფასოვან პოლუსად ჩამოყალიბებისთვის? კულტურულ-პოლიტიკური გავლენების გარეშე ეყოლება ძლიერი მოკავშირეები, რომ პოლუსად გადაიქცეს?
- მთელი რიგი ქვეყნები, რომელთაც წლების განმავლობაში ამერიკის პოლიტიკა არ მოსწონდათ, ბუნებრივად მოიყრიან თავს ჩინეთთან. გავიხსენოთ, რომ სწორედ ეს უკმაყოფილება გახდა "ბრიკსის" ჯერ შექმნის და ბოლო პერიოდში მისი გაფართოების საფუძველი. ვინც იქ არის, ყველას აქვს მეტ-ნაკლებად რაღაც პრობლემა დასავლეთთან, განსაკუთრებით კი აშშ-თან. ამიტომაც დიდი თუ პატარა სახელმწიფოები ჩინეთის გარშემო გაერთიანდებიან არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც ჩინეთის გარშემო გაერთიანება უნდათ, არამედ იმიტომ, რომ აშშ-ის ნაკლებ ზეგავლენაში იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს.
- ამ მოცემულობაში, რა შანსია, რომ "ტრამპმა დიფ სტეიტი ვერ დაამარცხოს" - ანუ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ მიიჩნიოს, რომ ვაშინგტონი საქართველოსთან მიმართებაში მათთვის მისაღებ პოლიტიკას არ ატარებს და გახდეს ჩინური პოლუსის წევრი. შედის ეს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში?
- მოდი, ვითარებას შევხედოთ არა მხოლოდ საქართველოს მდგომარეობიდან, არამედ ზოგადად. მსოფლიოში ძალიან დიდი გაურკვევლობაა. ჯერ ისრაელმა და შემდეგ აშშ-მა დაბომბა ირანის ტერიტორია და მერე უცბად თქვეს, რომ ირანში აღარ არსებობს ბირთვული იარაღის შექმნის საფუძვლები. მაგრამ გამოდის ირანის ხელმძღვანელობა და ამბობს, ჩვენ ყველაფერი გვაქვს და ამერიკასაც ვაჩვენეთ ჩვენი ძალაო. სინამდვილეში სიმართლე სად არის, არავინ იცის. დარჩა კი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალი? ყველა ცდილობს თავი გამარჯვებულად გაასაღოს და ცხადია, ყველა გამარჯვებული ვერ გამოვა, რაც არ უნდა დაიჯეროს ხალხმა. ამიტომაც გაურკვევლობა ძალიან დიდია. ტრამპი ამერიკის პრეზიდენტად იმ დაპირებით მოდიოდა, რომ რუსეთის ომს უკრაინაში დაასრულებდა. უჩანს რეალური პირი დასრულებას? სამწუხაროდ, არათუ ვერ დაასრულა, კინაღამ ახალი ომი დაიწყო ირანში, და ისიც არ ვიცით, ირანთან პრობლემები თუნდაც რამდენიმე წლით თუ გადაიდება.
რამდენიმე თვის წინ ინდოელი მეცნიერის ძალიან საინტერესო სტატია წავიკითხე. ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა და ამავე დროს, საკმაოდ ამბიციურიც. სტატიაში ინდოეთის პოლიტიკის შესახებ, ამხელა გაურკვევლობის ვითარებაში, იყო რეკომენდაცია, რომ, როდესაც ინდოეთმა არ იცის, მსოფლიოში რა და როგორ ჩამოყალიბდება, ყველაზე სწორი პოლიტიკაა სტრატეგიული მოთმინება. ვფიქრობ, ეს ყველაზე სწორი პოლიტიკაა და არა მხოლოდ დიდი ინდოეთისთვის, არამედ პატარა საქართველოსა და ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვინც მსოფლიო პოლიტიკაში ამინდის შემქმნელი არ არის.
საქართველოს იდეალურ შემთხვევაში ესაჭიროება, რომ ვაშინგტონთან შეინარჩუნოს სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორობა და ჰქონდეს სერიოზული ეკონომიკური ურთიერთობა ჩინეთთან. სამწუხაროდ, რაც საქართველო დამოუკიდებელია, ის ამერიკული ინვესტიციებით განებივრებული არ არის. კი, საქართველო იღებს ამერიკულ დახმარებას სამხედრო თუ პოლიტიკურ სფეროში, იღებს ტექნიკურ დახმარებას, მაგრამ საქართველოც ხომ მონაწილეობს იმ სამხედრო ოპერაციებში, რომლებსაც აშშ-ის აქტიური ჩართულობით ატარებდა იგივე ნატო სხვადასხვა ქვეყანაში თუ რეგიონში.
ამერიკული ინვესტიციებიდან მე გავიხსენებდი მხოლოდ ერთს - 1990-იანი წლების მიწურულს "თელასის" პრივატიზაციას მსოფლიო ბანკის პროცედურებით. მაშინ "თელასის" 75%-ის მფლობელი გახდა ამერიკული კომპანია "ეიესი". ის რამდენიმე წელიწადს ფლობდა "თელასს", ჩაატარა სისტემის მოდერნიზაცია და თანდათანობით უმჯობესდებოდა კიდეც სიტუაცია, მაგრამ 2003 წელს ეს ამერიკული და ყველა მისი შვილობილი კომპანია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებდნენ, გაკოტრდა. საქართველოში არსებული აქტივები მან რუსულ "რაოესს" მიჰყიდა. ასე რომ, ეს ერთადერთი სერიოზული ამერიკული ინვესტიციაც კი, სამწუხაროდ, წარმატებული არ აღმოჩნდა... ამიტომ ჩვენთვის მთავარია, იდეალურ შემთხვევაში, მოხერხდეს სტრატეგიული პოლიტიკური თანამშრომლობა აშშ-სთან და სტრატეგიული ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან.
დღეს ძალიან პოპულარული ხდება შუა დერეფნის თემა. რუსეთზე გამავალი ჩინეთის დერეფანი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, პრაქტიკულად, დაბლოკილია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფრონტაციული დაპირისპირების ვითარებაში კი დერეფანი, რომელიც შეიძლება რეგიონში ფუნქციონირებდეს, უპერსპექტივოა. ამიტომ დღეს ერთადერთი რეალური შუა დერეფანია, ის კი ეკონომიკურად გამართლებული და მომგებიანი იქნება, თუ აქ გაივლის არა მხოლოდ ცენტრალური აზიის, არამედ ჩინეთის ტვირთებიც. ამიტომაც ცხადია, საქართველოს ეკონომიკაში გათვალისწინებული უნდა იყოს ჩინური ინტერესები. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით - აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ, როდესაც გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51%-ს იტოვებდა. შემდეგ საპრივატიზაციოდ გამოტანილ იქნა საინვესტიციო პაკეტი, 49% და კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია არც ამერიკულ და არც ევროპულ კომპანიებს. მათ ვინმემ აუკრძალა მონაწილეობა? ცხადია, არა. სამაგიეროდ, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მხოლოდ ის პორტის სრულად მართვას ვერ განახორციელებს, რადგან საკონტროლო პაკეტი საქართველოს სახელმწიფოს რჩება. მშენებლობა დაწყებულია ანაკლიის ტერიტორიაზე და ამ მშენებლობას ახორციელებს ბელგიური კომპანია. ასე რომ, თუ ჩვენ ამ პროექტს წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე, თურმე შესაძლებელია გვქონდეს ჰიბრიდული ურთიერთობა - სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობა აშშ-თან, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან.
- თუ ამერიკა და ჩინეთი სხვადასხვა პოლუსს წარმოადგენენ, ეს რამდენად არის შესაძლებელი? ორივე ბანაკში უნდა ვიყოთ, არც ერთში თუ რომელიმეში? ეს როგორ უნდა მოხდეს?
- რატომაც არ შეიძლება. როდესაც ტრამპი აცხადებს, რომ პეკინსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები შედგა და გარკვეული შეთანხმებები იქნა მიღწეული სავაჭრო ტარიფების დაწესების შესახებ, და ოპტიმისტურად შევხედავთ ამ პერსპექტივას, რატომ არ შეიძლება ფრთხილი და გონივრული პოლიტიკით ტრამპმა მოახერხოს ამ ორი დიდი მოთამაშის ინტერესების დაბალანსება საქართველოში?
- სტრატეგიული მოთმინება ახსენეთ და, ჩინეთთან ურთიერთობა გასაგებია. აშშ-თან, ევროპასა და საერთოდ, დასავლეთთან, "ქართული ოცნების" ურთიერთობას რამდენად შეიძლება სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა ვუწოდოთ იმ ლანძღვისა და განცხადებების ფონზე, რაც გვესმის და თანაც ყოველდღიურად სულ უფრო ძლიერდება?
- შეიძლება ითქვას, დასავლეთი, როგორც ასეთი, დღეს მონოლითურად ერთიანი ვეღარ არის. მაგალითად, ევროკავშირსა და აშშ-ს მთელ რიგ საკითხებზე სხვადასხვა პოზიცია აქვთ. მოგეხსენებათ, ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არცთუ დიდი ხნის წინ ევროკავშირს უბედურებად მოიხსენიებდნენ. პლუს, დღეს აშშ-ის პოლიტიკა იმავე არასამთავრობო ორგანიზაციების ან მედიასაშუალებების მიმართ, როდესაც მათ გააუქმეს დაფინანსება, როდესაც დახურეს "ნედი" და "იუესაიდი", ეს ყველაფერი იმ არგუმენტების საფუძველზე მოხდა, რომელ არგუმენტებსაც საქართველოს დღევანდელი მთავრობა ამბობდა და ამბობს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამერიკელებმა ჩვენგან გადაიღეს ეს ყველაფერი, ამ სისულელეს არავითარ შემთხვევაში არ ვიზიარებ, მაგრამ დამთხვევა ცალსახაა. ასეთი დამთხვევები კი ევროკავშირთან მიმართებაში ნაკლებია და დაპირისპირებაც მეტია. ამიტომ დღეს დასავლეთს ერთიანი ფასეულობები ფაქტობრივად არ გააჩნია. სადაც იყო აშშ, იქ რომ იყო ევროკავშირიც, დღეს ასე აღარ არის. აშშ-ში კაცი კაცია და ქალი - ქალი, ევროკავშირში კი, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ასე არ არის. აშშ-მა გააუქმა "ნედი" და "იუესაიდი" სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გამო, ევროკავშირი კი ამას არ იზიარებს. ასე რომ, დასავლეთი დღეს თვითონ ვერ გამოდის ერთიანი ფრონტით და აქედან გამომდინარე, ჩვენი მიმართება ვაშინგტონსა და ბრიუსელთან, გინდა-არ გინდა, განსხვავებულია.
- აშშ-ზე გავაკეთოთ აქცენტი. ბოლო პერიოდში მიღებული კანონებით, რომლებითაც, ფაქტობრივად, სამართლის პრინციპს ეწინააღმდეგებიან, როდესაც უკუძალას ანიჭებენ დამსჯელ კანონს, ანუ შარშან გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტებისთვის, რასაც თავად ჩათვლიან მიუღებლად, შეიძლება ადამიანი ახლა მიღებული კანონით დასაჯო და ა.შ., შესაძლებელი იქნება აშშ-თან პარტნიორული, დემოკრატიული ქვეყნების ურთიერთობა, თუ ჩაგვთვლიან რაღაც ავტორიტარულ ქვეყნად, რომელიც, უბრალოდ, შეიძლება დასჭირდეთ და ეს სახელმწიფოებრივ ინტერესებში რამდენად შევა?
- მე რომ ვთქვი, თანხვდენა არის ამერიკასთან-მეთქი, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მყავდა აშშ-ის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ ამერიკის სენატსა და კონგრესში არის სხვადასხვა ჯგუფი როგორც რესპუბლიკურ, ასევე დემოკრატიულ პარტიაში. აგერ, "მეგობარ აქტს" იღებენ, ყოველ შემთხვევაში, პროცედურას გადის და რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია ოფიციალური თბილისის დღევანდელ პოზიციასთან. თუმცა, იმავდროულად, ოფიციალური თბილისის პოზიცია საკმაოდ თანხვდენილია პრეზიდენტ ტრამპის ხედვასთან. ამიტომ ძალიან მიჭირს ერთმნიშვნელოვნად თქმა, რა და როგორ იქნება, რადგან თვითონ ამერიკაშიც არ არის ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული და ყველაფერი მიდის იქით, რომ თავად ამერიკა უნდა გაერკვეს, ბოლოს და ბოლოს, რა პლატფორმაზე რჩება. თუმცა ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: მართალია, დღეს ტრამპი ცვლის თამაშის წესებს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ტრამპს სურს შეცვლა, არამედ იმიტომ, რომ, სხვა ობიექტური პროცესები მიმდინარეობს - დადგა დრო, თამაშის წესები შეიცვალოს. დადგა დრო, დასრულდეს საყოველთაო ულტრალიბერალიზმის ეპოქა. სწორედ ამის გამო მოვიდა ტრამპისთანა კაცი ხელისუფლებაში. მსგავსი ტენდენციები იკვეთება ევროკავშირის ქვეყნებშიც, მაგრამ აქ ხდება ჩარევები - არჩევნების შედეგებს აუქმებენ, პრეზიდენტობის კანდიდატებს აპატიმრებენ და ა.შ. ეს რატომ ხდება, ყველგან ტრამპები არიან? რა თქმა უნდა, არა. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველგან არის ამ გლობალური ულტრალიბერალიზმის საწინააღმდეგო მოძრაობა და ამ მოძრაობას მოჰყავს მერე ტრამპისთანა ლიდერები ხელისუფლებაში. შეიძლება ითქვას, ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ საწყის ეტაპზეა.
- პოლუსებს დავუბრუნდეთ. ორ-ნახევარი თქვით და, აქედან რომელი იქნება დომინანტი და რატომ?
- დომინანტი მაინც აშშ იქნება, თავისი ეკონომიკით, ვალუტის სიძლიერით. მე კი გითხარით, რომ ჩინეთის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის მიხედვით ჭარბობს ამერიკის ეკონომიკას, მაგრამ თუ ავიღებთ ისეთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს, როგორიც არის ეკონომიკური განვითარების დონე, რომელიც გაიანგარიშება მთლიანი სამამულო პროდუქტით მოსახლეობის ერთ სულზე, აშშ გამოკვეთილი ლიდერია და ძალიან სერიოზულად უსწრებს ჩინეთს. მსოფლიოში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი სამამულო პროდუქტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი აქვს ლუქსემბურგს, მაგრამ მას არა აქვს ის ზემოხსენებული წინა პირობები, პოლუსად რომ ჩამოყალიბდეს. ზემოხსენებულ ორ-ნახევარ პოლუსში ნათელია, რომ ნახევარი პოლუსი ყველაზე სუსტია, მაგრამ ამ ორიდან დღევანდელი მდგომარეობით ეჭვიც არ უნდა შევიტანოთ ამერიკის ეკონომიკის სიძლიერესა და მის პრიორიტეტულობაში. რამდენ ხანს გასტანს ეს, ძალიან ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, რამდენად გონივრულად წარმართავს აშშ თავის პოლიტიკას და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს პეკინი. ასევე, როგორი იქნება სხვა სახელმწიფოების დამოკიდებულება. არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ორმაგი სტანდარტის მოთამაშე ინდოეთია, რომელიც, ერთი მხრივ, რუსეთის პარტნიორია, იაფად და თან რუპიებით ყიდულობს რუსულ ნედლ ნავთობს და შემდეგ იმის გამო, რომ ამერიკას აქვს კონფლიქტი ჩინეთთან და სურს ინდოეთი გააძლიეროს, ინდოეთიდან ყიდულობს ნავთობპროდუქტებს, რომლებიც დამზადებულია რუსული ნედლი ნავთობისგან. შედეგად, აშშ ირიბად მაინც ეხმარება რუსეთს. ინდოეთი დიდი სახელმწიფოა და გამორჩეულია, მსგავს რაღაცებს ბევრი სხვა სახელმწიფო აკეთებს და მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნები, მაგრამ ეს უკვე სანქციების დარღვევის თემაა და ის ცალკე განხილვას საჭიროებს.