არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ამოქმედება მესამედ, 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

დადგენილების თანახმად, მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები სერტიფიცირებული არქიტექტორის ან ინჟინერ-მშენებლის მიერ უნდა იყოს დამოწმებული. ამასთანავე, აღნიშნულ პროექტებზე ექსპერტიზა სერტიფიცირებულმა ექსპერტმა უნდა განახორციელოს.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სერტიფიცირებული ინჟინერ-მშენებელი.

რაც შეეხება სერტიფიკატის გაცემის წესს, დადგენილების მიხედვით, სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დოკუმენტს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო გასცემს. სერტიფიკატის მოქმედების ვადა კი 5 წელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, აღნიშნული ვადა მოგვიანებით 2024 წლის 1-ელ მარტამდე გადაიდო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლოს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ამოქმედების პერიოდი 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა.

bpn.ge