გენერაცია, რომელსაც ქვეყანას მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები სთავაზობენ, საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტში შეუწყობს ხელს. ამისთვის კი, მისი თქმით, საჭიროა ნამოხვანის, ნენსკრას და ხუდონის აშენება, რათა დამატებით დიდი რაოდენობის ელექტროენერგია დაგენერირდეს ქვეყანაში, - ამის შესახებ GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს. მისივე მტკიცებით, ევროპელი ინვესტორები საქართველოში ელექტროსადგურებში ინვესტირებით არიან დაინტერესებული, თუმცა, მისივე თქმით, მათ მოსაზიდად ბიუროკრატიული პროცესების გამარტივებაა საჭირო. მისივე ინფორმაციით, საუბარი არ არის მხოლოდ მზის ენერგიაზე, როგორც ეს აქამდე იყო, იჩენენ ინტერესს ქარითაც და ჰიდროთითაც.

მელიქიძის ინფორმაციით, დღეს ენერგომატარებლებზე ფასი იზრდება, რაც საქართველოსთვის იმის სიგნალია, რომ ქვეყანამ აუცილებლად უნდა მოახდინოს უტილიზაცია იმ ენერგოწყაროებისა, რომლებიც გააჩნია. მისივე მტკიცებით, მთელ ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარეგულირებელი და მსხვილი ჰესების ხელშეწყობა.

"ნამოხვანი, ნენსკრა, ხუდონი უნდა აშენდეს, ვინაიდან ჯამში 1417 მეგავატზეა საუბარი. ენგურჰესი 1300 მეგავატს აგენერირებს, კიდევ 1417 მეგავატი სერიოზულ შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყანას, რომ არა მხოლოდ თვითკმარი გახდეს, არამედ ექსპორტზე მოახდინოს ორიენტირება - ეს სერიოზულ დოვლათს მოუტანს ქვეყანას და ეკონომიკურად სერიოზული პროგრესი გვექნება.

ინვესტორები საკმაოდ არიან დაინტერესებული. მათ შორის არიან ევროპელი ინვესტორებიც. მათთვის მნიშვნელოვანია გენერაციაში ინვესტირება. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის შანსს, რომ ბიუროკრატიის კომპონენტი აბსოლუტურად მინიმუმამდე დავიყვანოთ და ინვესტორებს მივცეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გაიცეს ნებართვები თუ ყველა სხვა პროცედურა, მათ შორის გარემოსდაცვითი საკითხები დროულად გადაწყდეს", - ამბობს მაია მელიქიძე.