„გასტროტურიზმის მიმართულებით უცვლელია მოთხოვნა, როგორც შარშან ამ დროს იყო, ისეა ახლაც“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის” დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წინა წელთან შედარებით, გასტროტურიზმის კუთხით მოთხოვნა იმავე ნიშნულზეა და არ გაზრდილა.

„გასტროტურიზმის მიმართულებით უცვლელია მოთხოვნა, როგორც შარშან ამ დროს იყო, ისეა კვლავ. რეალურად არ გაზრდილა ამ ეტაპზე, რა მდგომარეობაც გასულ წელს იყო, შენარჩუნებულია. რეგიონების კუთხით, სეზონურობა რამდენიმე წელია აისახება და განსაკუთრებით მოთხოვნა არის აჭარაზე, ყაზბეგზე, კარგად დაიწყო სეზონი კახეთში და ახლა მინელდა - ყოველ წელს ასეა. ველოდებით, რომ რთველის პერიოდში ისევ იქნება მოთხოვნა კახეთზე. რაც შეეხება რაჭას, აქ უფრო მეტად შიდა ტურიზმია განვითარებული“, - აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ.

როგორც მანვე აღნიშნა, ტურისტების დიდი ნაწილი აზიური ქვეყნებიდან არის.

„ძირითადად აქტიურია აზიური სეგმენტი, ზოგადად, მგონი ეს ტენდენციაა მთელ მსოფლიოში. ახლახან ვიყავი საფრანგეთში და შვეიცარიაში და ინდოელი ტურისტები იქაც ძალიან გააქტიურებულები არიან და ჩვენთანაც ძირითადად ბოლო 2 წელია შეიცვალა ტურისტების სეგმენტი“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ქეთი კვიჭიძემ.

ტურიზმის სექტორი ბოლო პერიოდია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ გაზრდილია აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა. მათივე განცხადებით, აზიურ სეგმენტს ნაკლებად აინტერესებს ქართული სამზარეულო და ღვინო. კითხვაზე, რამდენად ჩანს ეს ტენდენცია გასტროტურიზმში, ქეთი კვიჭიძე გვპასუხობს: „დიახ, უფრო ნაკლებად აინტერესებთ...“

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“