გაზრდილი უმუშევრობა და შემცირებული ვაკანსიები - ეს ის ორი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელზეც შრომის ბაზრის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა დასაქმების პორტალებზე დაკვირვებით, მიმდინარე წელს, ვაკანსიების რაოდენობაში ვარდნა საკმაოდ თვალშისაცემია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ დასაქმების პორტალ HR.GE-ის ვებგანყოფილების გაყიდვების დირექტორმა, ინგა შახბაზიანმა განუცხადა, მიმდინარე წლის გაზაფხულის 3 თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაკანსიებში 7%-იანი კლება აქვთ.
„გარდა ამისა, ზაფხულის პირველი თვეც შემცირებული მონაცემებით დაიწყო და 2024 წლის ივნისს, დაახლოებით, 6%-ით ჩამორჩება. თუმცა, ველოდებით, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, შედარებით გამოცოცხლდება შრომის ბაზარი“, - განმარტა ინგა შახბაზიანმა.
ვაკანსიებში კლების მაჩვენებლებიდან გამომდინარე, დარგის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შრომის ბაზარზე სტაგნაციაა, დასაქმების ბაზარმა თავის პიკს უკვე მიაღწია და მიმდინარე წელს, ასევე მომდევნო წლებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაკანსიების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
შრომის ბაზრის ექსპერტების შეფასებითვე, ვაკანსიების რაოდენობის კლება შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას და ბიზნესის გაუარესებულ განწყობებს უკავშირდება. შედეგად, როგორც ისინი ამბობენ, დღეს ქვეყანაში ნაკლები მოთხოვნაა სამუშაო ძალაზე.
ამ ფონზე, გაზრდილია ქვეყანაში უმუშევრობის დონე. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტით გაიზარდა და 14.7 პროცენტი შეადგინა. უმუშევრობის დონის ზრდა უმეტესად თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლებამ გამოიწვია. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, თვითდასაქმებულთა რიცხვი 3%-ით შემცირდა.
ცნობისთვის, PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა, ბოლო, ანუ აპრილის თვის მონაცემებით, 991 ათას ადამიანს აჭარბებს. რაც შეეხება სამუშაოს აქტიურ მაძიებლებს, ამჟამად, დასაქმების პორტალ HR.GE-ზე 140 ათასი სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული.