საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა, თუმცა უცხოელი მიგრანტების ხარჯზე. მოქალაქეების ეს რაოდენობა, რომელიც "საქსტატის" საყოველთაო აღრიცხვის წინასწარმა მონაცემებმა დაადასტურა, ქვეყანაში წლებია არ ყოფილა. 

ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი მიგრანტი შემოვიდა და მათმა ნაწილმა აქ ფეხი მოიკიდა კიდეც. ქართველები კი სხვა ქვეყნისკენ მიეშურებიან უკეთესი მომავლისა და შემოსავლის პერსპექტივით. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის ზრდა სწორედ შემოსული უცხოელების ხარჯზე ხდება.

ქვეყნის მოქალაქეების საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემები უკვე გამოქვეყნდა. 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%) - კაცი.

„მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2 423 ათასი კაცი (62%) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 ათასი კაცი (38%) - სოფლად. რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66%), რაც განპირობებულია ქ. ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში", - წერია "საქსტატის" ინფორმაციაში.

ამავე მონაცემების მიხედვით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის მოსახლეობის 12.9% და 11.2%.

ცნობისთვის, წინა აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 3 713 804 კაცს შეადგენდა და როგორც დემოგრაფები მიიჩნევენ, მოქალაქეების რაოდენობის ზრდა უცხოელების შემოდინებას უნდა დავუკავშიროთ.

სწორედ ასეთი მოსაზრება აქვს დემოგრაფ ავთო სულაბერიძეს და მიიჩნევს, რომ საქართველოში ძალიან მაღალია მუსლიმანური სახელმწიფოებიდან მიგრანტთა რაოდენობა.

"პირველ რიგში, ამას სჭირდება კარგი ანალიზი და სხვადასხვა ინფორმაციის შეგოვება, მაგრამ ვარაუდით უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში ბრუნდებიან ჩვენი დაბერებული ემიგრანტი მოქალაქეები და ძალიან მაღალია მუსლიმანური ქვეყნებიდან შემოსული მიგრანტების რაოდენობ. ეს ქვეყნებია: ირანი, თურქეთი, შუა აზიის სახელმწიფოები. ინდოელები საქართველოში სასწავლებლად შემოდიან და ისინი მოსახლეობის ზრდაში არ მონაწილეობენ.

ჩვენს ქვეყანაში ვინც შემოდის და იღებს მოქალაქეობას, მისი მიზანია დასავლეთ ევროპაში საცხოვრებლად წასვლა. არაბული, შუა აზიის ქვეყნებიდან, ირანიდან ძალიან ბევრს სურს ევროპაში წასვლა და იქ დროებით ცხოვრება. ამისთვის კი მათ აირჩიეს საქართველოს გზა. აქ მოქალაქეობის მიღებას ცდილობენ, რათა შემდეგ ამ საბუთით უვიზოდ წავიდნენ დასავლეთ ევროპაში. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მოსახლეობა უცხოელების ხარჯზეა გაზრდილი”, -  ამბობს ავთო სულაბერიძე.

ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ მოსახლოების რაოდენობა ამ მასშტაბის არ ყოფილა. 2017 წელს საქრათველოში 3 726 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2018 წელს – 3 729 ათასი, 2019 წელს – 3 723 ათასი, 2020 წელს – 3 716 ათასი, 2021 წელს – 3 728 ათასი, 2022 წელს - 3 688 ათასი, ხოლო 2023 წელს - 3 736 ათასი.

ცნობილი ამბავია ისიც, რომ საქართველოში შობადობა ყოველწლიურად იკლებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. ასე მაგალითად, 2017 წელს ქვეყანაში 53 293 ბავშვი დაიბადა, 2018 წელს – 51 148, 2019 წელს - 48 295, 2020 წელს - 46 520, 2021 წელს – 45 946, 2022 წელს – 42 301, 2023 წელს – 42 214, 2024 წელს კი – 39 483.

რაც შეეხება გარდაცვლილთა ოდენობას, 2017 წელს საქართველოში დაიღუპა – 47 822 ადამიანი, 2018 წელს – 46 524, 2019 წელს – 46 659, 2020 წელს – 50 527, 2021 წელს – 59 906, 2022 წელს - 49 118, 2023 წელს – 42 756, ხოლო 2024 წელს – 43 971.

ასეთი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში წლებია ბუნებრივი მატება არ ყოფილა, ანუ იმაზე მეტი ადამიანი არ დაბადებულა, ვიდრე გარდაიცვალა. ამ სტატისტიკური მონახაზითაც შეიძლება დაასკვნა, რომ ქვეყნის მოსახლეობა სხვა ეროვნების ადამიანების ხარჯზე იზრდება და არა ქართველების, რომლებიც ქვეყნიდან მიდიან.

კიდევ ერთმა დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ ქვეყნის მოსახლეობის ზრდის მიზეზზე ისაუბრა.

"საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა იზრდება იმის ხარჯზეც, რომ ქვეყნის სამმა პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილმა, გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა თითქმის 82 ათას უცხოეთის მოქალაქეს მიანიჭეს მოქალაქეობა და ზოგიერთი დღემდე აქ ცხოვრობს, ზოგი კი - აღარ. ყოველ შემთხვევაში, ამ ფაქტორმა გაზარდა მოსახლეობის რაოდენობა.

ბოლომდე იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ უცხოელების ხარჯზეა გაზრდილი ქვეყნის მოსახლეობა. ცნობილი ამბავია, რომ ძალიან ბევრი ქართველი წავიდა ემიგრაციაში, მაგრამ ყველას კი არ აუკრავს გუდა-ნაბადი და ყველა კი არ წასულა. დიახ, ბევრი წავიდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმეტესობა საქართველოში დარჩა.

ამ მონაცემებით, თითქმის 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. მათი ძირითადი ნაწილი ქართველია. ზოგი იმ ეროვნების, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ საქართველოში. ესენი არიან სომხები, აზერბაიჯანელები, რუსებიც. კომუნისტების დროს, 430 ათასზე მეტი რუსი ცხოვრობდა საქართველოში. მართალია, ბევრი წავიდა, მაგრამ ნაწილი აქ დარჩა. მცირე ნაწილი არის ასევე ბერძნები და სხვა ეროვნების მოქალაქეები”, - განაცხადა ანზორ თოთაძემ.

წყარო: resonancedaily.com