გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ერთჯერადი პლასტიკის მოხმარებამ მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია და 4 000 ტონა გახდა.
როგორც უწყების წარმომადგენელი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, შავი ზღვა ორჯერ უფრო დაბინძურებულია, ვიდრე ხმელთაშუა ზღვა, რაც მკვეთრ ნაბიჯებს და რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვს.
"პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურება მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ჩვენს ქვეყანაში 2030 წლისთვის პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურება უნდა დავასრულოთ, მაგრამ თუ დღეს მკვეთრი ნაბიჯები არ გადავდგით, შედეგს ვერ მივაღწევთ. ზოგადად, რომ ვისაუბროთ საქართველოში ძალიან მძიმე და კრიტიკული მდგომარეობაა. აღნიშნული კომპლექსური პრობლემაა და კონკრეტულად ერთ მიმართულებას ვერ გამოვყოფთ, თუმცა აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
აუცილებელი პირობაა, რომ პლასტიკის გამოყენების რეგულაციები დავიწყოთ. გარკვეულმა შეზღუდვებმა შედეგი მოიტანა, მაგრამ აღსრულების სფეროში ქვეყანას მაინც უჭირს. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ სფეროში გარკვეული სახის დეფიციტი არ შეიქმნას. კერძოდ, შევეცდებით ერთჯერადი პლასტიკის განთავსება ბაზარზე გავამკაცროთ. ესაა ძირითადად ჭურჭელი: თეფშები, ჩანგალი და ა.შ. ამასთან, ბიზნესს ალტერნატივა შეგვიძლია შევთავაზოთ, მაგალითად, ქაღალდისგან დამზადებული მასალა. ღირებულებათა ჯაჭვი უნდა შევქმნათ, მთავარია, ნარჩენს გარემოდან როგორ ამოვიღებთ და ახალ ღირებულებას, როგორ შევქმნით", - აღნიშნავს სოლომონ პავლიაშვილი.