საქართველოდან რეექსპორტზე გატანილი ავტომობილების საშუალო ღირებულება ბოლო წლებში დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. თუკი 2021 წელს თითო საექსპორტო ავტომობილის ღირებულება 7,600 დოლარის ფარგლებში იყო, 2025 წელს მან 24,000 დოლარს გადააჭარბა, რაც მიანიშნებს რომ ქვეყნიდან რეექსპორტზე მაღალი საფასო კატეგორიის ავტომობილები გადის. - აღნიშნულია IDFI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლითაც ორგანიზაციამ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შეისწავლა. 

ორგანიზაცია აქვეყნებს მონაცემებს, სადაც ნაჩვენებია წლების მიხედვით საქართველოდან საექსპორტოდ გასული ავტომობილების საშუალო ღირებულება. რაც ასე გამოიყურება: 

  • 2021 წელი - 7 652 აშშ დოლარი.
  • 2022 წელი - 9 232 აშშ დოლარი;
  • 2023 წელი - 19 425 აშშ დოლარი;
  • 2024 წელი - 20 138 აშშ დოლარი;
  • 2025 წელი - 24 777 აშშ დოლარი:

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.2 მლრდ. დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%-ია; 2021 წლიდან დღემდე საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 493%-ით გაიზარდა.