„თუ ვიზალიბერალიზაცია თუნდაც დროებით შეგვიჩერდა, პირველ რიგში, შემცირდება რეისების რაოდენობა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.
ამასთან, ალექსანდრე გიორგიძე აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ შესაძლოა, Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გასვლა და სომხეთის ბაზარზე გადართვა გამოიწვიოს.
ინფორმაციისთვის, Wizz Air მიმდინარე წლის ოქტომბერში ერევანში თავის პირველ ბაზას გახსნის და დამატებით 8 მიმართულებით განახორციელებს ფრენებს.
„როგორც კი შეწყდება ვიზალიბერალიზაცია, Wizz Air გავა. სომხეთში ავითარებს საქმიანობას და შესაძლოა იქ გადაიტანოს ბაზა, ამის ნიშნები შესაძლოა ჩანდეს უკვე. შემცირდება რეისები და ევროპელი ტურისტისთვის საქართველოში ჩამოსვლა გახდება რთული და ძვირი.
ხშირად გამიგია ოპონენტებისგან, რომ „ქართველები ვეღარ ვივლით, მაგრამ რა შეუშლის ხელს უცხოელს რომ აქ ჩამოვიდესო“. საქმე იმაშია, რომ რეისების დიდ ნაწილზე 60-70% არის ქართველი მგზავრი. როდესაც ავიაკომპანიას არ ეყოლება ქართველი მგზავრი, ის ამ რეისს აღარ შეასრულებს და მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ფრენას განახორციელებს. თუ ახლა ევროპელ ტურისტებს აქვთ რამდენიმე პირდაპირი ფრენის არჩევანი საქართველოში, შემდეგ ექნებათ პირობითად ერთი, ან იქნება სტამბულის გავლით ფრენა.
თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ქვეყანა მთლიანად გადაერთვება აზიურ ბაზარზე, რაც გამოიწვევს სეგმენტის დეგრადირებას, სერვისების გამარტივებას და საქართველო გადაიქცევა იაფ მიმართულებად, სადაც იქნება ტურისტების მასა, მაგრამ არ იქნება დიდი დანახარჯი. გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ უვიზო მიმოსვლა თუ შეჩერდა, მის ხელახლა დაბრუნებას თუნდაც იმ დონეზე, სადაც ახლა ვართ მინიმუმ 5 წელი დასჭირდება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ალექსანდრე გიორგიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისია განიხილავს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების საკითხს. 2025 წლის 31 აგვისტოს ამოიწურა ბოლო ვადა, როცა საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლის 6 დეკემბრის ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში გაცხადებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია უნდა წარედგინა.
8 სექტემბერს ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამერტმა განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგოს.