ირანზე ისრაელის სამხედრო დარტყმების პარალელურად დღეს დილიდან აზიის საფონდო ბირჟები და უოლ-სტრიტის ფიუჩერსები მკვეთრად დაეცა - ამის შესახებ Reuters წერს.

ინვესტორები „უსაფრთხო თავშესაფრების“ ძიებაში ოქროსა და შვეიცარიულ ფრანკს ყიდულობდნენ.

ამერიკული S&P 500-ის ინდექსის ფიუჩერსები 1.7%-ით, Nasdaq-ის 1.8%-ით, ხოლო პანევროპული STOXX 50-ის 1.6%-ით დაეცა. იაპონიის Nikkei 1.3%-ით, სამხრეთ კორეული KOSPI 1.1%-ით, ხოლო ჰონგ-კონგის Hang Seng 0.8%-ით შემცირდა.

უსაფრთხო აქტივების ძიების ფონზე აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების ფასები გაიზარდა და 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა მხოლოდ ერთთვიან მინიმუმამდე, 4.31%-მდე დაეცა.

ასევე, შვეიცარიული ფრანკი 0.4%-ით გაიზარდა და 0.8072 დოლარს მიაღწია, ხოლო იაპონური იენმა 0.3%-ით, 143.12-იან დონემდე მოიმატა. თავად დოლარიც „უსაფრთხო თავშესაფრის“ როლს ასრულებდა, რომლის ინდექსიც 0.5%-ით, 98.131-მდე გაიზარდა.

ევრო 0.4%-ით, 1.1538 დოლარამდე დაეცა, რითაც წინა დღის 0.9%-იანი ზრდა ნაწილობრივ დაკარგა, რაც 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ მაქსიმალური ზრდა იყო. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 0.5%-ით, ანუ 1.3554 დოლარამდე მას შემდეგ დაეცა, რაც დღის დასაწყისში 2022 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალურ დონეს, 1.3613 დოლარს მიაღწია.

კომპანია IG-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, „ვიდრე ირანისგან პოტენციური პასუხი არის მოსალოდნელი, ბაზრის განწყობა უფრო გაუარესდება, რადგან ტრეიდერები შაბათ-კვირის წინ სარისკო პოზიციებს ხურავენ.“

ირანზე ისრაელის თავდასხმის დაწყების შემდეგ ნავთობისა და ოქროს ფასებიც მკვეთრად გაიზარდა.

ცნობისათვის: 12 ივნისის, გვიან ღამით ის­რა­ელმა­ ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კე­რის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ელ­მა და­ი­წყო "პრე­ვენ­ცი­უ­ლი, ზუს­ტი, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვა“ ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე და­სარ­ტყმე­ლად. მისი თქმით, დარ­ტყმე­ბი იყო პა­სუ­ხი „ირა­ნის რე­ჟი­მის მხრი­დან ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე აგ­რე­სი­ა­ზე“. თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ათო­ბით გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი ეტა­პი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რაც მო­ი­ცავს „ათო­ბით სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ზე, მათ შო­რის ირა­ნის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში ბირ­თვულ სა­მიზ­ნე­ებ­ზე დარ­ტყმებს“.

ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ისრაელმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

www.bpn.ge