ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო IMF-სა და WB-ის წევრი ქვეყნების ჯგუფის (constituency) ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფის (constituency) შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა მოდერატორობა გაუწია სესიას თემაზე: „მსოფლიო ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში”.

სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მსოფლიო ბანკის ვიცე- პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ანტონელა ბასანიმ, რომელმაც ისაუბრა საკვანძო რეგიონულ შესაძლებლობებზე ტრანსპორტის, მწვანე ეკონომიკისა და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებებით. 

მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა,  ივაილო იზვორსკიმ ისაუბრა, თუ როგორ უნდა იქცნენ მაღალშემოსავლიან ქვეყნებად ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები.

სესიის დასრულების შემდეგ გამართულ პანელურ დისკუსიაში ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კოლეგებთან ერთად შეაჯამა პლენარულ სესიებზე განხილული საკითხები და მსჯელობის დროს გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები.

შემაჯამებელ პანელურ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ერა დაბლანორისი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის უფროსი იასპერ ვესელინგი და მონტენეგროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირენა რადოვიჩი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.