2023 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 558.9 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 0.2 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -7.4 პროცენტიდან -6.7 პროცენტამდე შემცირდა. მთლიანად 2023 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობამ -4.3 პროცენტი შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, მეოთხე კარტალში, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 8.7 პროცენტით შემცირდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი (4.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 2.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5.3 პროცენტით შემცირდა.

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873.7 მლნ აშშ დოლარს (2.4 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე  12.6 პროცენტით ნაკლებია.

2023 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -478.9 მლნ აშშ დოლარი (-1.3 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 2.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 10.4 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 1.1 პროცენტით შემცირდა და 2023 წლის მეოთხე კვარტალში 937.6 მლნ აშშ დოლარს (2.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 0.5 პროცენტით შემცირდა 868.5 მლნ აშშ დოლარამდე (2.3 მლრდ ლარი). ამავდროულად, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 19.0 პროცენტით გაიზარდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 149.5 მლნ აშშ დოლარი (402.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 1.8 პროცენტია.

საგადასახადელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი; ფულადი გზავნილები და ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი) აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.