სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსს, თორნიკე კაპანაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, კაპანაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1-ელ აგვისტოს დააკავა, მას ბრალად "პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობა" ედება.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში, ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად, სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს - სოფლის განვითარების სააგენტოს და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები.

წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტომ ბრალდებულებს, მათივე მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა - 826 815 ლარის ოდენობით.

სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულ იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები". - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.