თბილისში, ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე არსებული საქვეითო გადასასვლელი ხიდისა და მისი კიბეების რეკონსტრუქცია იგეგმება.

1930-1940-იან წლებში აშენებული საფეხმავლო ხიდი სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაშია, მისი განახლების სამუშაოებს კი შპს „ავანბეკი“ განახორციელებს, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულება 2 წლის წინ გაფორმდა.

ახალი საფეხმავლო კიბის პროექტი არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. როგორც განმარტებით ბარათში წერია, ხიდი ძლიერ ამორტიზებულია და საექსპლუატაციო პერიოდი ამოწურულია, შესაბამისად აუცილებელია მისი დემონტაჟი.

„საქვეითო გადასასვლელი ხიდი მდებარეობს ქ. თბილისში, ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე, რომელიც მართობულად კვეთს რკინიგზის 14 ლიანდაგს და ერთმანეთთან აკავშირებს დიდუბის და ნაძალადევის რაიონებს.  
ხიდი სავარაუდოდ აშენებულია 1930-40-იან წლებში და ძლიერ ამორტიზებულია. საექსპლუატაციო პერიოდი ამოწურულია.

საქვეითო გადასასვლელი ხიდის დაზიანებების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო დეფექტები და ნაგებობის ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა.

საქვეითო გადასასვლელი ხიდის მთავარი საპროექტო კონსტრუქციული დეფექტია ის, რომ ხიდი სავარაუდოდ აშენებულია 1930-40-იან წლებში და ძლიერ ამორტიზირებულია, საექსპლუატაციო პერიოდი ამოწურულია, აგრეთვე ის დაპროექტებულია და აგებულია იმ პერიოდში, როდესაც ქ. თბილისი იმყოფებოდა 7 ბალიანი სეისმური საშიშროების ზონაში. დღეს ის 8 ბალიან ზონაშია; შესაბამისად, სეისმომედეგობის მხრივ, ხიდი ვერ აკმაყოფილებს საქართველოში დღეისთვის მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების, „სეისმომედეგი მშენებლობა“ (პნ 01.01-09) მოთხოვნებს.

წარმოდგენილ ობიექტზე ჩატარებული ვიზუალური და აპარატურული კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქვეითო გადასასვლელი ხიდის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ის ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს (8 ბალიანი სეისმომედეგობას) და ამორტიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, საქვეითო გადასასვლელი ხიდის  აღდგენა-გაძლიერება არარენტაბელურია და ხიდის მიწისზედა  ნაწილი ექვემდებარება დემონტაჟს.

რაციონალური საპროექტო გადაწყვეტილების მიღების მიზნით პროექტირების საწყის სტადიაზე საპროექტო ჯგუფის მიერ შედგენილი და დამკვეთის ტექნიკურ სამსახურებში განხილული იყო ყველა შესაძლო ვარიანტი რომელთა განხორციელება უმტკივნეულოდ მიიჩნია მუშა ჯგუფმა; იმის გამო, რომ არსებული ტერიტორია მჭიდროდ არის დაკავებული საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურული ნაგებობებით ხოლო მიწისქვეშა სივრცე ათვისებულია თბილისის მეტროპოლიტენის სახაზო ნაგებობებით, ტექნიკური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრის განხილვა (არქიტექტურული თვალსაზრისით) გადაულახავი ტექნიკური სიძნელეებიდან გამომდინარე აზრს მოკლებული აღმოჩნდა; პრიორიტეტი მიენიჭა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას (კონსტრუქციული სქემის შერჩევისას) და ქალაქგანაშენიანებისათვის ნაკლებად ,,ტრავმატული“ ტექნოლოგიების შერჩევას; გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნა არსებული რეალობიდან გამომდინარე შეზღუდვები და პრობლემები“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

არსებული მდგომარეობა

ახალი ხიდის პროექტი