ქობულეთის მერია პლაჟზე საშხაპეებისა და გასახდელების მოსაწყობად ტენდერის გარეშე 400 ათას 500 ლარს დახარჯავს. სულ დაამონტაჟებენ 20 გასახდელს და 20 საშხაპეს, ასევე დამატებით 3 საშხაპეს ძაღლებისთვის.

რაც შეეხება იმ საშხაპეებსა და გასახდელებს, რომლებიც წინა სეზონზე იყო პლაჟზე, მერიის დოკუმენტებით ირკვევა, რომ ისინი ყველა დააზიანა ქარმა 10 მაისს.

ქობულეთის მერიის შპს „ქობულეთის წყალი“ მერის მოვალეობის შემსრულებელს წერს, რომ მათზე გადაცემულია მოძრავი ქონება, კერძოდ გასახდელი საშხაპეები, 30 ერთეული.

„ვინაიდან სანაპირო ზოლისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაკავშირებულია გარკვეული სირთულის სამუშაოებთან და მოითხოვს გარკვეულ ვადებს, მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე თვეში, პირველი მაისიდან დაიწყო აღნიშნული გასახდელი საშხაპე კაბინების დამონტაჟება, თუმცა მიმდინარე წლის 10 მაისს აჭარის რეგიონში მომხდარმა სტიქიამ – ძლიერმა ქარმა, წვიმამ და შტორმმა სრულიად დააზიანა სანაპირო ზოლში დამონტაჟებული კაბინები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად სეზონის დასრულების შემდგომ ხდება აღნიშნული გასახდელი საშხაპე კაბინების დემონტაჟი და დასაწყობება მომავალ სეზონამდე. სამონტაჟო სამუშაოების პერიოდში აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ერთეული კერძოდ – 10 ცალი გასახდელი საშხაპე კაბინა სრულად ამორტიზირებული იყო და არ ექვემდებარება შეკეთებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტისათვის დასახული ამოცანების შესასრულებლად და მოახლოებული სეზონის შეუფერხებლად გახსნისათვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს 30 ერთეული გასახდელი საშხაპე კაბინის შესყიდვა.“ – აღნიშნულია „ქობულეთის წყალი“-ს დირექტორის სულხან გორჯელაძის მიერ ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ცეცხლაძისთვის 2025 წლის 16 მაისს გაგზავნილ წერილში.

ირაკლი ცეცხლაძეს „ქობულეთის წყლის“ დირექტორის წერილთან დაკავშირებით 16 მაისსვე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ბოლქვაძე წერს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ისედაც გათვალისწინებულია „20 ერთეული გასახდელი, 20 ერთეული საშხაპე კაბინა და 3 ერთეული ძაღლების საშხაპეს შეძენა-მონტაჟის ღონისძიება.

აღნიშნული საშხაპე კაბინები მნიშვნელოვან და აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს რათა გამართულად და სრულად იქნეს მოწყობილი სანაპირო ზოლი და არ შეფერხდეს ტურისტული სეზონის გახსნა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავლებთან.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გთხოვთ, აცნობოთ სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებას განიხილოს გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, საშხაპეებისა და გასახდელების შეძენა-მონტაჟის სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საკითხი“.

  • თუ ბიუჯეტში გაწერილი იყო თანხა საშხაპეებისა და გასახდელების მოსაწყობად რატომ არ გამოაცხადეს ტენდერი და რატომ გახდა აუცილებელი მათი შესყიდვა  გადაუდებელი აუცილებლობით?
  • ძველი საშხაპე-გასახდელები რომ ქარს არ დაეზიანებინა [რასაც „ქობულეთის წყლის“ დირექტორი წერს], დაამონტაჟებდნენ თუ არა ახალ საშხაპე-გასახდელებს პლაჟზე?

ამ კითხვებზე პასუხს „ბათუმელები“ ქობულეთის მერიისგან ამ დრომდე ელოდება. მიღების შემთხვევაში მერიის პასუხს აქვე შემოგთავაზებთ.

400 ათას 500 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე ქობულეთის მერიამ თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან უკვე მიიღო.

წყარო: "ბათუმელები"