ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივებს ფეისბუკზე ეხმაურება.

"ჩანს, ამ ქვეყანაში ბევრმა ვერ გაიგო, რატომ აღნიშნა ზღვარგადასული ეიფორიით ერმა საბერძნეთთან ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვება და პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის წარმოუდგენელი აღმაფრენისთვის რეალური მიზეზი გაჩნდა, მაგრამ წარმატების აღნიშვნა მაინც ისტერიის ელემენტებით იყო გაჯერებული, რასაც უეჭველად სჭირდება ახსნა.

ვერც ხვიჩა კვარაცხელიას ხაზგასმით თქმული გაიგო ბევრმა - ევროპისკენ მივდივართო. 

მინდა ასევე ხაზი გავუსვა „ოცნების“ ლიდერშიფის საყურადღებოდ - იმ პარტიის, რომლისთვისაც 2012 - დან დაწყებული, რამდენჯერმე დამიჭერია მხარი - ელექტორატის ეს ნაწილი, ზღვარგადასული აღმაფრენით, მეტწილად არ არის ოპოზიციის მომხრე, უფრო „ოცნების“ ელექტორატია, რომელსაც რუსეთი, მისი იმპერიული ბუნების გათვალისწინებითაც კი, არ ეჯავრება, მაგრამ რომლისთვისაც მიტრიალება სმოლენსკისა და რიაზანისკენ, წარმოუდგენელია და კატეგორიულოად მიუღებელი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის.

ბოლოდროინდელი უნიადაგო და დაუსაბუთებელი საკანონმდებლო ინიციატივებით „ოცნებამ“ შეიმატა რადიკალი პატრიოტების ხმების 5 % და დაკარგა (ან სერიოზულად დააფიქრა) ძირითადად თავისივე მომხრეების, ან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 20 %, რომელმაც ფეხბურთის მეშვეობით მკაფიოდ და ცალსახად გამოხატა დამოკიდებულება მერყევი პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ.

არავინ უნდა დაივიწყოს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში მთავარ სათქმელს მაინც ხალხი ამბობს, ზოგჯერ მართებულს და გონივრულს, ზოგჯერ მცდარს, რომელსაც შემდეგ გარკვეული დანაკარგების ფასად ასწორებს. ამ ხალხისთვის, მისი უმრავლესობისთვის, ევროპული პერსპექტივა უკვე შემდგარი არჩევანია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, რაც გულისხმობს, ასევე უცილობლად, ტრადიციული ღირებულებებისადმი ერთგულებას, თავდადებას ეროვნული იდეალებისადმი, მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული როლის აღიარებას ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და დაცვაში და მისდამი განსაკუთრებულ პატივისცემას.

გზა გამოქვაბულისკენ აღარ არსებობს. საქართველო ვერ იქნება ვერც ნაკრძალი და ვერც ეგზოტიკური სამხეცე... მხოლოდ განვითრებაზე ორიენტირებულობა, სწორ და თანმიმდევრულ განვითარებაზე ორიენტირება გადაარჩენს ჩვენი ქვეყნის მომავალს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულ 15-ვე სუვერენულ ქვეყანას, ბალტიის ქვეყნების ჩათვლით და თავად მეტროპოლიასაც, - რუსეთსაც, დასამტკიცებელი აქვს, რომ შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, მომავლის და პერსპექტივის მქონე ქვეყანა. ასეთი ამოცანის წინაშე იდგა ყოველთვის ყველა იმპერიის ნანგრევვებზე აღმოცენებული თითოეული სახელმწიფო მაკედონელის იმპერიის დაცემიდან მოყოლებული...

გაიწვიე ერთხელ ეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ და რაღას აბრუნებ? ისევ რომ დადგეს ერთი 30-40 ათასი ახალგაზრდა ქუჩაში, ისევ გაიწვევ? გაიწვევ!

რატომ ძაბავ სიტუაციას ფაქტობრივად მოგებული არჩევნების წინ? 

იქნებ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ხელისუფლების ჩაბარება იმათთვის, ვინც ამას სამართლიანი არჩევნებით ვერ ახერხებს და ვინც დასავლეთს უნდა რომ ნახოს ამ ქვეყანაში ხელისუფლების სათავეში? სხვა ახსნა ამ გაუგებარ მასკარადს, არ აქვს.

და რატომ?

რაიმე კავშირშია ეს ივანიშვილის, როგორც თავად აღნიშნა, „ფაქტობრივად დასანქცირებულობის“ მოხსნასთან? 

დისჯანქთივ ქვეშჩენ, - მართლაც რომ საკითხავი აი ეს არის...

ბიძინა მართავს ქვეყანას განთლებული, მაგრამ გამოუცდელი ახალგაზრდებით, მაგრამ თავად ხომ გამოცდილი კაცია. ასეთი მერყეობა და წაჯექ-უკუჯექობანა რისი მომტანია? 

პასუხისმგებლობა არა მარტო ხელისუფლებაზეა. ჩვენც, მოქალაქეები, პასუხისმგებელნი ვართ მომავალზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოპოზიცია თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ყველაფერს, რაც არ მოსწონს, ბრიყვულად „რუსულს“ უწოდებს. კარდინალურ პრობლემებზე მსჯელობას თავს არიდებს და სოციალურ საკითხებზე კონცენტრირდა. სასაცილოა, მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე, რომელიც მემარჯვენე ცენტრისტული იდეოლოგიის პარტიას წარმოადგენს, მემარცხენე რადიკალივით პენსიებზე და უმუშევრობაზე მოთქვამს. „რუსულად“ ყველაფერი მათთვის მიუღებლის გამოცხადება, მათივე საწინააღმდეგოდ ცალსახად განწყობილი ელექტორატის 60 %-ის ხმებს გადაწონის? - მეტი არაა ჩემი მტერი.

აგენტებიო - იძახდნენ კანონპროექტის ავტორები. უცხოურ გავლენას ემსახურებიანო... ეს, დასავლური, ძირითადად ამერიკული და ევროპული ფულია და ეს ფული 30 წელია მათთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ისახავდა თითქოსდა მიზნად. 

ახლა გახდა მიუღებელი მათი საქმიანობა და მიზნები? 

აღარ არიან აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები? 

ჰოდა, ვთქვათ მაშინ. 

დასდეთ პატივი ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მხარი უნდა დაგიჭიროთ ამ წამოწყების საკანონმდებლო უზრუნველყოფაში. 

კი, ბატონო, დიდი ფული მოძრაობდა ამ მიმართულებით საქართველოში. არასამთავრობოებს ათეულ მილიონიანი გრანტები და მათ ლიდერებს უზარმაზარი ხელფასები და სიკეთეები ჰქონდათ დასავლური ფონდებისგან. მათი საქმიანობა და პერსონალიები ყოველთვის იყო კრიტიკის მიღმა, საინფორმაციო არეალის მიღმა. ყოველგვარი ანალიზის გარეშე იყო ეს სივრცე. მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, აჟამინდელი კონიუნქტურის გათვალისწინებით, ამ ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის და მისი მესვეურების ანათემისთვის გადაცემა არ არის რელევანტური! შეიძლება ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის სახიფათო და წამგებიანი აღმოჩნდეს. ამაზე ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს დროულად მართებთ დაფიქრება...

...აქვე მინდა შევნიშნო, რომ 30 წლის განმავლობაში არც მე და არც ჩემს მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს არც ერთი გრანტი არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პროექტი წარვადგინეთ შესაბამის ფონდებში... სხვა სისტემა მუშაობდა იქ...

მედია სივრციდან გამქრალი დისკუსიების პირობებში ქუჩა რჩება ვნებების აბობოქრების ერთადერთ არეალად. მონოპოლიზებულ ტელევიზიებს არც ხელისუფლება დათმობს და არც ოპოზიცია. ამიტომ, ვნახოთ, რომელი მხარე მოახერხებს უფრო მეტი მხარდამჭერის მობილიზებას უახლოეს პერიოდში - „მაიდნის“ მომხრეები, თუ „ანტიმაიდნის“. ადრე, ბიძინას, „ანტიმაიდნად“ „ალტინფო“ ეიმედებოდა. ახლა „ალტინფო“ „ოცნებასთან“ დაპირისპირებულია...

დიდი ამბები მოსალოდნელი საყველიეში..." - წერს ვაჟა ბერიძე.