სოციალური ქსელი ის ადგილია, სადაც მოზარდები გართობას, სიახლეებსა და მეგობრებს ეძებენ. ძებნის პროცესში ჩართულია ალგორითმი, რომელიც რეალობას შენ ირგვლივ აწყობს. რა მოხდება, როცა ამ ვირტუალურ რეალობაში დეზინფორმაცია, ფსიქოლოგიური წნეხი, გაფილტრული გარეგნობა და ძალადობისკენ მოწოდება გავრცელდება?
„ყველა პლატფორმა და მათ შორის ყველაზე დიდი მეტას პლატფორმები – ფეისბუკი ინსტაგრამი, ემყარება ჩვენს ინტერესებს, რეალურად, რაც უფრო მეტად ინტერესდება ადამიანი კონკრეტული თემებით, მით უფრო ხშირად გხვდება. შეიძლება გვაღიზიანებდეს გარკვეული ვიდეო, მაგრამ თუ მას მაინც გარკვეული პერიოდი ვუყურებთ და დავინტერესდებით და არ გამოვტოვებთ, მაინც ალგორითმი ჩათვლის, რომ ეს ჩვენი ინტერესია. მათი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ ამ პლატფორმებზე. შესაბამისად, ცდილობს, რომ იყოს მორგებული”, – აღნიშნავს Kraken-ის აღმასრულებელი დირექტორი ვერა თოხაძე.
DataReportal-ის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი საქართველოში კვლავ „ფეისბუკია”. მას შემდეგ მოჰყვება ვიდეოპლატფორმა ტიკტოკი, რომელსაც 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ის განსაკუთრებით პოპულარული მოზარდებსა და ახალგაზრდებშია. მესამე ადგილზე კი ინსტაგრამია 1.7 მილიონი მომხმარებლით.
„მოწყვლადები არიან მოზარდები ამ მიმართულებით გამომდინარე იქიდან, რომ მათ ნაკლებად აქვთ კულტურა იმისა, რომ გადაამოწმონ ინფორმაცია, კრიტიკულად შეხედონ იმას, რასაც ხედავენ და მითუმეტეს, აქ არის გამოწვევა ტიკტოკი, სადაც გასართობად შედიან, თუმცა ამ გართობაშიც ძალიან კარგად არის აღრეული პროპაგანდაც, რომელსაც არაკეთილსინდისიერი აქტორები ავრცელებენ საქართველოში, მათ შორის რუსეთის გავლენაც.
ერთ-ერთი მიმართულება, რასაც ვუკვირდებით, არის ის, რომ ეს აქტორები ცდილობენ ისტორიის გადაწერას და სწორედ ამ მხრივ არიან მოწყვლადები მოზარდები იმიტომ, რომ შესაძლოა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ნაწილზე ნაკლებად ჰქონდეთ ინფორმაცია არასრულწლოვანებს. მაგალითად, იყოს შემთხვევები, როდესაც ბერიასა და სტალინს წარმოაჩენდნენ მნიშვნელოვან ადამიანებად, რომლებმაც ბევრი გააკეთეს საქართველოსთვის და აქ დაფარული იყო ის რეპრესიები, რომლებიც მათ საქმიანობას მოჰყვებოდა.
განსაკუთრებით ბევრი იყო ინტერაქცია ზუსტად არასრულწლოვანების მიერ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის ისტორიის მეორე მხარე, რომელსაც მათ უმალავენ, რეალურად კი ეს არის პროპაგანდის ერთ-ერთი საშუალება”, – განმარტავს ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტების კოორდინატორი ქრისტინა ფარჯიანი.
კომპანია მეტას აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი გასულ წელს ბავშვების დაცვის საკითხთან დაკავშირებით სენატში სიტყვით გამოვიდა. მას ბოდიშის მოხდა მოუწია იმ ბავშვების მშობლებისთვის, რომლებიც სოციალურ ქსელში ჩაგვრის მსხვერპლნი გახდნენ. მას შემდეგ მეტა განსაკუთრებით ცდილობს, ყურადღება მიაქციოს მოზარდებს. ამის ფონზე საზოგადოებას წარუდგინეს მოზარდების ანგარიშები – Teen Accounts, რომლებიც არ აძლევს საშუალებას უცხო ადამიანებს, მოზარდებს პირადი შეტყობინება გაუგზავნონ. ის ფილტრავს იმ ინფორმაციას, რომელშიც ძალადობა ჩანს.
Teen Accounts საქართველოში არ მუშაობს. ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის ამოქმედდება.
„ვერ ვიტყვით, ჩაეშვება თუ არა რეგიონში მოზარდების მიმართულება ჩვენს რეგიონში, მაგრამ შეგვიძლია უფრო ხშირად მოვითხოვოთ, მივწეროთ, რომ ეს ახალი ინსტრუმენტები რეგიონებს დაემატოს, ეს უფრო ხშირად აჩქარებს პროცესს. პირველი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს – რა ასაკი აქვს მოზარდს სოცქსელში, ვიცით, მოზარდები ხშირად მიუთითებენ, რომ არიან სრულწლოვანები – ეს არის პირველი დაცვა, რაც შეიძლება მოვითხოვოთ; მეორე – შემოწმდეს, რა ინტერესები დაიჭირა ალგორითმმა.
მოზარდების მიმართულებაზე რაც დაამატა კვლევამ, აჩვენა, რომ ბოლომდე არ მუშაობს და ტოქსიკურად გავრცელდა ინფორმაცია, ზედმეტი დიეტა, ჯანმრთელობისთვის საშიში კონტენტი. ერთი შეხედვით შეიძლება არ იყოს საზიანო, მაგრამ გავლენა მოახდინოს. ასევე ფილტრები, რომლებიც გარეგნობას ცვლის. ესეც იწვევს არარეალურ წარმოდგენებს საკუთარ თავზე. ასევე უმჯობესია მშობელმა ნახოს, ვის სწერს ბავშვი და დაცული იყოს ანგარიშები, დაყენებული პირადულ რეჟიმზე”, – ამბობს ვერა თოხაძე.
მოზარდებისთვის უსაფრთხო სოციალური ქსელი იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ექნებათ საშუალება, დარეგისტრირდნენ, როგორც ზრდასრულები. ამჟამად ტექნოლოგიური კომპანიები სწორედ ასეთ ინსტრუმენტზე მუშაობენ, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც შეეცდება, სხვა ასაკით რეგისტრაცია გამორიცხოს.
წყარო: euronews georgia