საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში შემავალ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასები წლიურად 9.4%-ით გაიზარდა.
გაძვირებულია ჯანმრთელობის დაზღვევაც, რომელზედაც წლიურად საშუალოდ ფასები თითქმის 9%-ითაა მომატებული.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საქართველოში ჯანმრთელობის სერვისებზე ფასების ზრდას არაერთი რამდენიმე განაპირობებს, მათ შორის უმთავრესად ინფლაციური პროცესები, მიუხედავად ამისა, მომსახურების გაყიდვა მაღალ კონკურენციაში მიმდინარეობს, რაც ნაწილობრივ ამცირებს ფასების მკვეთრი ზრდის ტენდენციას.
„ჯანმრთელობის დაცვაზე ფასების ზრდის მიზეზი ბევრია, დაწყებული ინფლაციით, დასრულებული იმ ძვრებით, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე ხდება. ჯანმრთელობის სერვისების გაყიდვა დღეს საქართველოში ძალიან დაძაბული კონკურენციის ხარჯზე ხდება და მომხმარებელი ბევრს იხდის, ისე როგორც მეტის გადახდა უწევთ სხვა სერვისებში, მაგალითად საკვებ პროდუქტებში. ბაზარზე არსებული კონკურენცია კი ფასების ზრდას მეტ-ნაკლებად მაინც არბილებს“,- აღნიშნავს ხეჩინაშვილი.
მისივე თქმით, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა უტილიზაციის გაზრდილი მაჩვენებელი იყოს. საქართველოში ექიმთან მისვლის სიხშირე დღემდე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროპულ მაჩვენებლებს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ცვლილებები შეიმჩნევა, რაც უმთავრესად კლინიკების რაოდენობის გაზრდითაა განპირობებული.
„არსებობს კონკრეტული კვლევები და იზომება, თუ რამდენჯერ იტარებს კონკრეტული ადამიანი რაღაც სერვისს და სამედიცინო მომსახურებებს, ამას სამედიცინო სერვისების უტილიზაცია ჰქვია. უტილიზაციის ზრდა შეიძლება კარგიც არის, რომ ადამიანები მეტ სერვისს იღებენ, თუმცა, მეორე მხრივ, უარყოფითი შედეგიც შეიძლება ჰქონდეს. ზოგადად, ჩვენთან ექიმთან მისვლის სიხშირე უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპაში. უტილიზაციის ზრდასთან ერთად დანახარჯი იზრდება და რა საკვირველია, სერვისიც ძვირდება. რატომ ხდება ეს ზრდა, ეს გამოსაკვლევია. შესაძლოა მიზეზი ისაა, რომ კლინიკების რაოდენობა გაიზარდა და რეგიონებში უფრო მეტად ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურების მიღება“,- აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.