„მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ბაზარი არაკონკურენტულია, რის შედეგადაც მომხმარებლები ზარალდებიან. არაკონკურენტულ გარემოს არსებობაზე არაერთი ფაქტორი მიანიშნებს, ერთ-ერთი ასეთი კი, 2022 წლის მონაცემების მიხედვით ქართული ოპერატორების საგანგაშოდ მაღალი მოგების მაჩვენებელი - EBITDA მარჟაა (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაყოფილი გაყიდვებიდან შემოსავალზე), რომელიც ევროპის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.  ევროპის ქვეყნებში საშუალო მოგების ეს მაჩვენებელი 35%-ია, ხოლო „მაგთიკომისთვის" 75%-ს უტოლდება, რაც სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ოპერატორის მნიშვნელოვან ძალას ადასტურებს.“- ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

„2022 წლის მონაცემების მიხედვით, მაშინ, როდესაც ეს მოგების EBITDA მარჟის მაჩვენებელი ევროპის  საშუალოდ 35%-ს უტოლდება, „სელფი მობაილისთვის" - 45%-ს; „სილქნეტისთვის" – 61%-ს, ხოლო „მაგთიკომისთვის" კი ორჯერ მეტს – 75%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „მაგთიკომი" ტელეკომ ინფრასტრუქტურის განვითარებაში შემოსავლების იგივე პროცენტულ მაჩვენებელს დებდა ინვესტიციაში, როგორც საშუალოდ ევროპის ქვეყნების ოპერატორები. შესაბამისად, მოგების EBITDA მარჟის აღნიშნული სხვაობა ევროპული ოპერატორებისა და „მაგთიკომის" შორის ადასტურებს, რომ „მაგთიკომი" გაცილებით მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლის ფონზე პროცენტულად გაცილებით ნაკლებ ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ ინფრასტრუქტურაში, ვიდრე ამას ევროპაში მოქმედი ოპერატორები აკეთებენ.

სხვაობა ასევე მნიშვნელოვნად დიდია „მაგთიკომსა" და ქართულ ბაზარზე არსებულ ოპერატორებს შორის არსებულ მარჟებს შორის, რაც აჩენს პოტენციურად მომხმარებლისთვის დამაზიანებელ და არაკონკურენტულ გარემოს - იმოქმედოს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორმა კონკურენტებისა და მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად. ასეთი შემთხვევა კი 2021 წელს უკვე დაფიქსირდა, როდესაც "მაგთიკომმა" ხმოვანი ტარიფები მნიშვნელოვნად გააძვირა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტ კომპანიას იმავე სერვისებზე გაცილებით დაბალი ტარიფები ჰქონდა. შედეგად, მომდევნო წლის განმავლობაში, ხმოვანი სერვისებიდან მაგთიკომის შემოსავლები 10.1%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც მომხმარებლების რაოდენობა და ტრაფიკი წინა წლებთან შედარებით უცვლელი იყო.

კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული წარმოების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია კვლევის შედეგებს 6 ივნისის, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility") ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება.  ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.