1-ელი ივნისიდან ძალაში შედის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული პუნქტებიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტით - ავტობუსით იქნება შესაძლებელი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ემზადებიან თუ არა გადამყვანები დაგეგმილი რეფორმისთვის, რა ეტაპზეა სამუშაოები და როგორია ქვეყანაში ავტობუსების პარკი.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, M3 კატეგორიის ტრანსპორტის ავტოპარკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ და აღნიშნული შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გადამზიდველების განებართვიანების პროცესის პარალელურად, მიმდინარეობს როგორც იმპორტირებული M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ისე გადამზიდველების მფლობელობაში არსებული რაოდენობის და ტექნიკური მდგომარეობის შეფასების პროცესი, შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ გამოიკვეთება, ქვეყანაში M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოპარკთან დაკავშირებული ერთიანი სურათი“, - აღნიშნეს სააგენტოში.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რეგულაციების ამოქმედების გადავადება, სააგენტოში გვპასუხობენ, რომ რეფორმის ეფექტურად მართვისთვის ყველა შესაძლო ალტერნატივას განიხილავენ.
„რაც შეეხება კონკრეტულად M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული რეგულაციის ამოქმედების ვადებს, სააგენტო რეფორმის ეფექტურად მართვისთვის განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს და ალტერნატივას, რომელიც რა თქმა უნდა, თანხვედრაში იქნება როგორც გადამზიდველების და ავტოსადგურების, ისე მგზავრების ინტერესებთან“, - განაცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.