პარლამენტის მიმდებარედ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ.

აქციაზე, 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების მხარეს, ისმის წყლის ჭავლის მანქანის სირენების ხმა და მობილიზებულია სპეცრაზმი.

მოქალაქეებს პარლამენტის შენობისთვის წრის დარტყმა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციის კორდონმა არ მისცა.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

ამის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს.

იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები  არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან  გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები  წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.