საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

როგორც სირაძემ განაცხადა, პოლიციამ დააკავა ადამიანები, რომლებიც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

„დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ. დაკავებული არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს“, – განაცხადა სირაძემ.

მისი თქმით, 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც შეგნებულად ახდენენ პროვოკაციას. პოლიციელებს იწვევენ, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ.

„ზუსტი ციფრი ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. არ ემორჩილებიან კანონიერ მოთხოვნას. აქ დაახლოებით, 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას შეგნებულად. იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ. მე მოვუწოდებ მათ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში", - განაცხადა სირაძე.