საქართველოდან პაციენტების საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება სულ უფრო მწვავე პრობლემად იქცევა, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს უგროვებს. ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი "საქმის კურსის" ეთერში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს რესურსი, პაციენტებს ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს, სისტემური მიდგომის არარსებობის გამო ისინი მეზობელ თურქეთსა თუ ევროპის ქვეყნებს მიმართავენ.

მირზიკაშვილის თქმით, ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მოსაგვარებელია, რადგან მისი უსასრულოდ გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა კიდევ უფრო მეტ თანხას დაკარგავს, რომელიც ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად შეიძლებოდა გამოყენებულიყო.

“სისტემურ პრობლემაა რის გამოც პაციენტები სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიდიან, ვფიქრობ სამართლიანადაც. ცალ-ცალკე თუ შევხედავთ, შეიძლება ტექნოლოგიურად, ინფრასტრუქტურულად გამართულია, კვალიფიციური ექიმების გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიაწოდოს, მაგრამ სისტემური პრობლემაა, რაღაც არ მუშაობს, რის გამოც პაციენტები მიდიან თურქეთში, ევროპის ქვეყნებში, თურქეთი ჩვენი მეზობელი აგრესიულად არის ბაზარზე შემოჭრილი და ის სამედიცინო ტურიზმს ავითარებს ქვეყანაში და პაციენტებს იღებს.

მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხედვა, ამასთან მიმართებით, იმიტომ რომ პაციენტების გასვლით ძალიან დიდი თანხები გადის სხვა ქვეყანაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია, რაც მნიშვნელოვანია სექტორში თუ კი რაიმე პრობლემაა იმას მოხმარდეს, ვიდრე მოხდეს მისი გადინება. სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით ბავშვთა ონკოლოგია პროგრამულად ფინანსდება, მისასალმებელია, რომ ბავშვებს აქვთ საშუალება წავიდნენ და მიიღონ მაღალი ხარისხის სერვისები იგივე თურქეთში, ესპანეთში და ა.შ. მნიშვნელოვანია ამ პრობლემის ადგილზე მოგვარება, რადგან ასე შეიძლება უსასრულოდ გაიზარდოს პაციენტების გადინება, რომელიც ფინანსური თემები ებმის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- აცხადებს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი & ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი.

bm.ge